Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ


ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ღონისძიების გამართვა 4 მარტის ღამეს, 00:00 საათიდან შეიძლება. კლუბებში დაიშვება მოქალაქეთა შესაძლო რაოდენობის მხოლოდ 60 პროცენტი.

"როგორც ცნობილია, "ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლებას კლუბ "ხიდის" და "მტკვარზე" წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მთავრობისგან შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ღონისძიებაზე მოსახვედრად კვლავ საჭიროა ბოლო 6 თვეში აცრის ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი, ან ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. "ბასიანის" დამფუძნებელი კი ამბობს, რომ მათ კლუბში მხოლოდ დაშვებული სტუმრების რაოდენობაზე (60%) იქნება შეზღუდვა.

ღამის კლუბების ბიზნესის წარმომადგენლებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მუშაობა 2020 წლის მარტიდან შეაჩერეს, მათ მუშაობა მხოლოდ რამდენიმე დღით, 2021 წლის ბოლოს განაახლეს. საქართველოში დიდ ღამის კლუბებს ღონისძიებები 15 იანვრის შემდეგ, "ომიკრონის" შტამის გავრცელების საფრთხის გამო აღარ გაუმართავთ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 480 841 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 628 ადამიანი.

XS
SM
MD
LG