ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ფიგურისტის, კამილა ვალიევას შედეგი წინასწარ შედეგად ჩაითვლება, ისევე, როგორც რუსეთის სპორტსმენთა გამოსვლა გუნდურ ტურნირში. ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა მარკ ადამსმა.
ადამსის თქმით, რუსეთის ფიგურისტ კამილა ვალიევას თაობაზე გრძელდება გამოძიება. მას დოპინგის სინჯში აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინი აღმოუჩინეს. ამასთან მან თქვა, რომ სპორტსმენის B სინჯი ჯერ არ გაუხსნიათ.
გუშინ ვალიევამ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ პირველობაში პირველი ადგილი მოიპოვა მოკლე პროგრამაში. თავისუფალი პროგრამით ფიგურისტები 17 თებერვალს გამოვლენ.
მანამდე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი თქვა ფიგურისტი ქალების დაჯილდოების ცერემონიის ჩატარებაზე, თუკი ვალიევა ერთ-ერთ საპრიზო ადგილს დაიკავებს. გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განუსაზღვრელი ვადით გადადო დაჯილდოების ცერემონია ფიგურული სრიალის გუნდური პირველობისთვის, რომელშიც რუსეთის ფიგურისტებმა გაიმარჯვეს.
The New York Times-ი და CNN-ი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოზე (CAS) დაყრდნობით აცხადებენ, რომ ვალიევას დოპინგის სინჯში აღმოჩნდა გულის დაავადებათა სამკურნალო სამი პრეპარატი. ორი მათგანი, ჰიპოქსენი და L-კარნიტინი, არ შედის სპორტსმენთათვის აკრძალულ სიაში. ვალიევამ ისინი მიუთითა დოპინგის კონტროლის ანკეტაში.
ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) ხელმძღვანელმა ტრევის ტაიგარტმა პრესასთან საუბარში ივარაუდა, რომ ეს ნივთიერებები შესაძლოა კომბინაციაში გამოიყენეს. თავად ფიგურისტმა თქვა, რომ აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინი მის სხეულში შეიძლება მოხვედრილიყო გულის პრეპარატთან ერთად, რომელსაც მისი პაპა სვამს.
The New York Times-ის თანახმად, გულის დაავადებების საწინააღმდეგო სამი პრეპარატის კომბინაციის აღმოჩენა ასეთი ახალგაზრდა სპორტსმენის ორგანიზმში ერთობ უჩვეულოა.
ვალიევა შეიძლება ოლიმპიური თამაშებისთვის ჩამოეშორებინათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მოთხოვნით. მაგრამ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამით 15 წლის გოგონას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
დაწერეთ კომენტარი