ბერლინის 72-ე კინოფესტივალის ჟიურიმ მთავარი პრიზი, „ოქროს დათვი“ მიანიჭა კატალონიელი რეჟისორის, კარლა სიმონის ფილმს „ალკარასს“. ფილმში მოთხრობილია ოჯახზე, რომელიც კატალონიის სოფელ ალკარასში ატმის მოყვანით ირჩენს თავს. მიწის მფლობელის სიკვდილის შემდეგ გადაწყდება ხეების გაჩეხა, მათ ადგილას კი მზის ბატარეების დადგმა. ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობენ.
პრემია საუკეთესო სცენარისთვის ერგო ფილმს „რაბიე კურაზი ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ“. მასში მოთხრობილია თურქული წარმოშობის ბრემენელი დიასახლისის შესახებ, რომელიც იბრძვის საკუთარი ვაჟისთვის, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაშია ბრალდებული. გერმანელმა მსახიობმა, მელთემ კაფტანმა, რომელმაც რაბიე კურაზის როლი შეასრულა, საუკეთესო მსახიობის პრიზი მიიღო.
საუკეთესო რეჟისორად მიიჩნიეს კლერ დენი, რომელმაც ბერლინში წარმოადგინა ფილმი „ცეცხლი“ - დრამა სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ.
სექციაში „შეხვედრები“, რომელშიც ნოვატორული კინოა წარმოდგენილი, მთავარი ჯილდო მოიპოვა ფილმმა „მუცენბახერი“.
„ოქროს დათვი“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ერგო მოსკოველი კინორეჟისორის, ანასტასია ვებერის ფილმს „ტრეპი“.
მსახიობი იზაბელ იუპერი დააჯილდოვეს „ოქროს დათვით“ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.
ფესტივალზე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი ზომები მოქმედებდა. კინოდარბაზებში უშვებდნენ მხოლოდ აცრილ მაყურებლებს რესპირატორებით, ჟურნალისტებს ყოველდღე უნდა გაეკეთებინათ ანტიგენის ტესტი. გააუქმეს ფესტივალის ყველა წვეულება და მიღება. კინობაზრობა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
დაწერეთ კომენტარი