Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გრძელდება მხარდაჭერა" - ბრიუსელში საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება


საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში. 17 თებერვალი, 2022 წელი.
საქართველოს, უკრაინისა და ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში. 17 თებერვალი, 2022 წელი.

ნატო განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას და ევროატლანტიკური რეგიონისთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების მშვიდობიანად დასაძლევად, ნატოელი მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოქმედებენ, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრის წინ.

საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები, ჯუანშერ ბურჭულაძე და ოლექსი რეზნიკოვი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში ხვდებიან ნატოს თავდაცვის მინისტრებს, მათი სამიტის მეორე დღეს - 17 თებერვალს.

„ევროატლანტიკურ რეგიონში დღეს საფრთხის ქვეშ არის მშვიდობა და სტაბილურობა. მოსკოვიდან მოდის სიგნალები, რომ დიპლომატია შესაძლოა გაგრძელდეს. თუმცა ამ დრომდე ჩვენ ვერ ვნახეთ ჯარის გაყვანისა და დეესკალაციის რაიმე ნიშანი.

რუსეთმა მორიგ ჯერზე მოახდინა იმ პრინციპების დარღვევის დემონსტრირება, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროპულ უსაფრთხოებას და ასევე, [დემონსტრირება მოახდინა] თავისი უნარისა და მზადყოფნისა - ძალის გამოყენების მუქარით მიაღწიოს საკუთარ მიზანს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

ნატოს მოკავშირეები ავლენენ დაუღალავ ძალისხმევას პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებების მისაღწევად. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კოორდინაციით როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან.

გრძელდება ნატოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მიმართ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა თავის შესავალ სიტყვაში, თავდაცვის მინისტრების დახურული შეხვედრის წინ.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს

მანამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

„ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე გვქონდა შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ის არის ნატო-ში პირველი სამხედრო პირი, ის არის საქართველოს დიდი მეგობარი, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიულ გეგმებზე, ჩვენს მომავალზე და, რა თქმა უნდა, ყველა პრინციპულ საკითხში ჩვენ ვართ ერთიანები. არ დაიხევს უკან, როგორც ნატო თვისი მიზნებისა და თავისი გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს. ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საერთაშორისო მისიებში.

XS
SM
MD
LG