Accessibility links

site logo site logo

„შევხვდით ახლო პარტნიორებს - უკრაინასა და საქართველოს" - ნატოს გენმდივანი მინისტრების შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს


იენს სტოლტენბერგი პრესკონფერენციაზე, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. 17 თებერვალი, 2022 წელი.

ნატოს ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების ფონზე, კვლავაც გრძელდება უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა.

„დღეს ჩვენ შევხვდით ჩვენს ახლო პარტნიორებს - უკრაინასა და საქართველოს. ვიმსჯელეთ რუსეთის აგრესიის განგრძობად საფრთხეებზე, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებაზე შავი ზღვის რეგიონში და ნატოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე ამ ორი ქვეყნისთვის...

ალიანსის წევრებმა დღეს დაადასტურეს, რომ ნატოს კარი ღია რჩება. ნატოს წევრობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ნატოს წევრები და ასპირანტი ქვეყნები და სხვა არავინ.

ნატოელმა მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა ორივე ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები, ჯუანშერ ბურჭულაძე და ოლექსი რეზნიკოვი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში შეხვდნენ ნატოს თავდაცვის მინისტრებს, მათი სამიტის მეორე დღეს - 17 თებერვალს.

ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მსჯელობის მთავარ თემას წარმოადგენდა ევროპული უსაფრთხოებისთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეები და უკრაინაზე მისი მორიგი თავდასხმის რეალური საფრთხის შეჩერების აუცილებლობა.

ნატო აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ შეიმჩნევა უკრაინაში და მის საზღვრებთან კონცენტრირებული რუსეთის არმიის გაყვანის პროცესი და რუსეთი ამჟამად ფლობს შესაძლებლობებს ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელეს „რუსეთის არმიის ყოფნაზე საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში".

რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს, სადაც ალიანსს სამი წევრი ქვეყანა და „ორი ძალიან ახლო პარტნიორი ქვეყანა - საქართველო და უკრაინა“ ჰყავს.

„მჭიდრო მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ეს მკაფიოდ დადასტურდა დღესაც“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს ალიანსის წევრები ეხმარებიან როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატებში - „წვრთნისა და შესაძლებლობების გაძლიერების“ კუთხით. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ „ამ წელს, მოგვიანებით“ საქართველოში მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება გაიმართება.

„ნატო, რა თქმა უნდა, იქნება ამის ნაწილი, რადგან ამ წვრთნას ჩვენ ერთობლივად ვატარებთ და ეს აჩვენებს, თუ როგორი მჭიდროა ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რაც შეეხება ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, იენს სტოლტენბერგის თქმით, „ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია“, თუმცა მზადების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

„ახლა ყურადღება მიმართულია რეფორმებზე, რათა დავეხმაროთ უკრაინასა და საქართველოს თავიანთი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებაში და ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხებზე კონცენტრირებას“, - თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ის ასევე პირისპირ შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანსა და სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ჩვენ სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ და ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას...

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩვენ გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა“, - უთხრა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს.

მანამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG