ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ეჭვქვეშ დააყენა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, 20 თებერვლის შემდეგ ბელარუსის ტერიტორიიდან გავლენ ერთობლივ წვრთნაში მონაწილე რუსეთის ჯარები.
ლუკაშენკამ, რომელიც ხუთშაბათს საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფებოდა, თქვა, რომ 18 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯარების ერთობლივი ჯგუფის შემდგომ ქმედებებს განიხილავს.
"როგორც ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისე იქნება. მივიღებთ გადაწყვეტილებას, ერთ დღეში გავიყვანთ. თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ კიდევ ერთი თვით დარჩნენ, მაშინ ისინი ერთი თვის განმავლობაში აქ იდგებიან. შეიარაღებული ძალები აქ დარჩებიან იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება", - ციტირებს სააგენტო ლუკაშენკას სიტყვებს.
მანამდე ლუკაშენკამ ასევე არ გამორიცხა ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესაძლებლობა. აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების ან არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება, ლუკაშენკას თქმით, "რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივად“ იქნება მიღებული.