Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენადი ბესტაევი ვერ მიასვენეს საკუთარ სახლში, რომელიც მავთულხლართებს შორის არის მოქცეული


ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმარი გენადი ბესტაევი სოფელ ზარდიაანთკარში, საკუთარ სახლში ვერ მიასვენეს. სახლი საოკუპაციო მავთულხლართებს შორის არის მოქცეული, ამიტომ ნათესავებმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ბესტაევის ცხედრის სოფელ მერეთში, ბესტაევის დის, ნაირა გუდაძის სახლში დასვენება გადაწყვიტეს.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალების მიერ 5-ჯერ იყო დაკავებული. 2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, ცხინვალის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცა.

ბესტაევი ჯერ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის პალიატიურ კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ოკუპაციის ხაზთან მდებარე სახლში მისვლისას, გენადი ბესტაევს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებდნენ - საოკუპაციო მავთულხლართი მისი საცხოვრებელი სახლის ეზოშია გავლებული. 2019 წლის ნოემბერში, სახლში მორიგი მისვლისას, ის მეხუთედ დააკავეს. მას, ე.წ. საზღვრის დარღვევასთან ერთად, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებაც წაუყენეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ბესტაევს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა და გათავისუფლებას ელოდა, რადგან ცხინვალის ციხეში გატარებული ერთი დღე პატიმრებს დღე-ნახევრად ეთვლებათ. გენადი ბესტაევს შაბათს, ზარდიაანთკარის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG