უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, პრორუსული ძალები, სიტუაციის შესაძლო გამწვავების გამო, დონეცკის ოკუპირებული რაიონების ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავენ.
მთავარსარდლის განცხადებით, უკრაინის არმია განუხრელად იცავს მინსკის შეთანხმებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, არ გეგმავს შეტევის ოპერაციას და მისი ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა. გენერალი ზალუჟნი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს და აცხადებს, რომ პროვოკაცია იქნება ნებისმიერი ზიანი, რომელიც შესაძლოა, მიადგეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას.
ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული რაიონებიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს 47-ჯერ, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით.
უკრაინის არმიის მთავარსარდლის განცხადებით, ეს ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს, რაც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად უფრო ეფექტურ მოქმედებას. უკრაინულმა მხარემ მინსკის შეთანხმების საფუძველზე მოქმედ საკონტაქტო ჯგუფში ეუთოს წარმომადგენელს მიმართა, დაუყოვნებლივ მოიწვიონ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, ყირიმიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები. მოსკოვის მტკიცებით, დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებიც. უკრაინა, აშშ და ნატო დეესკალაციის ნიშნებს ვერ ხედავენ. პირიქით, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მახლობლად განათავსა დამატებითი შეიარაღება და კიდევ 7 ათასამდე ჯარისკაცი. არსებული ინფორმაციით, ამჟამად უკრაინის საზღვრებთან 150 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.
წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
დაწერეთ კომენტარი