Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინთან შესახვედრად ლუკაშენკა რუსეთში ჩავიდა


ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა მოსკოვში ჩავიდა, სადაც პარასკევს რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება.

"შეხვედრაზე სახელმწიფო მეთაურები საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. მათ შორისაა, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ერთობლივი ქმედებები ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო საკითხები", - ამის შესახებ ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ მედიის საშუალებით გავრცელებულ ცნობაში.

ამ ვიზიტის ფონია, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნა “საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომლის დასრულების შემდეგ უცნობია, როდის დატოვებს რუსეთის სამხედრო ძალა ბელარუსს.

ლუკაშენკამ, რომელიც ხუთშაბათს საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფებოდა, თქვა, რომ 18 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯარების ერთობლივი ჯგუფის შემდგომ ქმედებებს განიხილავს.

"როგორც ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისე იქნება. მივიღებთ გადაწყვეტილებას, ერთ დღეში გავიყვანთ. თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ კიდევ ერთი თვით დარჩნენ, მაშინ ისინი ერთი თვის განმავლობაში აქ იდგებიან. შეიარაღებული ძალები აქ დარჩებიან იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა 17 თებერვალს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

ამით ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ეჭვქვეშ დააყენა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის მიერ უფრო ადრე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, ერთობლივ წვრთნაში მონაწილე რუსეთის ჯარები 20 თებერვლის შემდეგ დაიწყებენ ბელარუსის ტერიტორიის დატოვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG