Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში სროლის გახშირება ამ ქვეყანაში რუსეთის ჯარის შესაძლო შეჭრის გარშემო შეშფოთებას ზრდის


გახშირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა აღმოსავლეთ უკრაინაში, სამთავრობო ჯარსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის რვაწლიან კონფლიქტში. დასავლეთიდან ისმის ახალი გაფრთხილება, რომ მოსკოვმა ძალადობის ზრდა შეიძლება გამოიყენოს მეზობელ ქვეყანაში შეჭრის საბაბად.

დაძაბულობას ზრდის ის, რომ მოსკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უმეთაურებს მომავალი დღეებისთვის დაგეგმილ სტრატეგიულ სამხედრო სწავლებას, რომელშიც ბალისტიკური საკონტინენტთაშორისო რაკეტები იქნება ჩართული. მოსკოვი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ შეჭრისთვის ამზადებს არმიას, რომლის 130 ათასი სამხედრო უკრაინის საზღვართან არის განთავსებული.

ეუთოს სამეთვალყურეო მისიამ, რომელიც აქამდე ზავის მცირე დარღვევებს აღნუსხავდა ხოლმე, 18 თებერვალს განაცხადა, რომ 24 საათის განმავალობაში მოხდა ცეცხლის შეწყვეტის 600-მდე დარღვევა, 300 აფეთქების ჩათვლით.

რუსეთმა თქვა, რომ დაიწყო ჯარის გაყვანა სასაზღვრო რეგიონიდან, მაგრამ აშშ-მა უარყო ეს ცნობა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ვარშავაში ვიზიტისას 18 თებერვალს აღნიშნა, რომ რუსეთი ჯარების გაყვანის შესახებ აცხადებს, მაგრამ ეს ჯერ უნდა დავინახოთო.

ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა მოსკოვში ჩავიდა, რათა პუტინს შეხვდეს იმაზე მოსალაპარაკებლად, რა იქნება ბელარუსში მიმდინარე ერთობლივი მანევრების შემდეგ, რომელშიც რუსეთის 30 ათასი სამხედროა ჩართული და რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულდეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 18 თებერვალს აპირებს ვიდეოკონფერენციის ჩატარებას დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მოზღვავებისა და შეკავებისა და დიპლომატიის მხრივ აშშ-ის შემდგომი ძალისხმევის გარშემო, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG