მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) თავის მიმართ კრიტიკას, რომ რუსეთის მოციგურავის, კამილა ვალიევას ანალიზების შემთხვევაში „ვერ შეძლო ეფექტიანად ემუშავა,“ უპასუხებს და აცხადებს, რომ დოპინგზე ტესტის შედეგის მიღება შეყოვნდა რუსეთის ანტისადოპინგო უწყების მიზეზით.
WADA-ს განცხადებაში, რომელიც მის საიტზეა 18 თებერვალს გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ რუსეთის სააგენტომ, „მიუხედავად იმისა, რომ იცოდა კოვიდ-19-ის გამო ლაბორატორიის გადატვირთვის შესახებ, არ აღნიშნა სინჯის პრიორიტეტული ხასიათი".
15 წლის ვალიევას სისხლში აღმოუჩინეს გულის პრეპარატის შემცველი აკრძალული ნივთიერება. ტესტი ჩატარდა 25 დეკემბერს, მაგრამ მისი შედეგი გამოქვეყნდა 8 თებერვალს, მეორე დღეს მას მერე, რაც ვალიევას წყალობით რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრებმა ციგურაობაში პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. ტესტის შედეგმა აიძულა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო, დაუყოვნებლივ აეკრძალა ვალიევასათვის თამაშებში მონაწილეობა, მაგრამ მალევე, საარბიტრაჟო სასამართლომ, იმის გამო, რომ ვალიევა არასრულწლოვანია და ამდენად, „დაცული პირია,“ გადაწყვეტილება გააუქმა და ვალიევამ გააგრძელა შეჯიბრებაში მონაწილეობა. რუსეთის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ანტისადოპინგო სააგენტომ და ციგურაობის კავშირმა.
დაწერეთ კომენტარი