უკრაინის დონეცკის ოლქის პრორუსი სეპარატისტების ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიებზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ვიდეომიმართვა 19 თებერვალს დილით გავრცელდა. მსგავსი განცხადება ლუგანსკის ოლქის სეპარატისტთა ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმაც გააკეთა.
პუშილინმა მიმართა ყველა მამაკაცს, რომელიც ცხოვრობს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვისაც "შეუძლია იარაღის ხელში დაჭერა", დაიცვას "თავისი ოჯახი, დონბასი და რუსი ადამიანები".
„დილით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დეპუტატები შეიკრიბნენ საგანგებო სხდომაზე, სადაც მიიღეს დადგენილება მობილიზაციის შესახებ“, - იუწყება დონეცკის საინფორმაციო სააგენტო.
"დადექი შენი მიწის დასაცავად", - მოუწოდა სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მამაკაცებს პასეჩნიკმა, რომელმაც 19 თებერვალს, დილით ხელი მოაწერა ბრძანებას მობილიზაციის შესახებ", - იუწყება ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრი.
სეპარატისტებმა ასევე დაიწყეს მოსახლეობის რუსეთის ტერიტორიაზე ევაკუაცია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, თითოეულ ლტოლვილს მიეცეს 10 ათასი რუბლი (დაახლოებით 400 ლადამდე). რუს სეპარატისტებთან მოსაზღვრე როსტოვის რეგიონში იმყოფებიან რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი და როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელი ანა პოპოვა.
მობილიზაცია და ევაკუაცია დონბასში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამ ბოლო დღეებში რეგიონში დაბომბვის ინტენსივობის ზრდა დააფიქსირა.
ეუთოს მისიის მუშაობის ყოველდღიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ დონეცკის რეგიონში დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 200-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო ლუგანსკის ოლქში - თითქმის 700 დარღვევა, რაშიც სეპარატისტები და უკრაინის არმია ერთმანეთს ადანაშაულებენ. სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ჯარი მათ პოზიციებზე თავდასხმისთვის ემზადება, რასაც კიევი კატეგორიულად უარყოფს.
18 თებერვალს საღამოს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებლებს მოუწოდა, გაემგზავრონ კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„გელოდებით. ჩვენ შეგიქმნით ყველა შესაძლო პირობას, რომ გქონდეთ საცხოვრებელი ადგილი, რათა იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ“, - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
დაწერეთ კომენტარი