გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანს მოუწოდა არ დააზიანოს მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენას. "ირანის ლიდერები არჩევანის წინაშე არიან: სიმართლის მომენტი დადგა", - თქვა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, 19 თებერვალს.
შოლცის თქმით, ვენაში ბოლო 10 თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, "მაგიდაზე დევს მოლაპარაკების დასრულებისთვის საჭირო ყველა ელემენტი". თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნებისთვის მიუღებელი იქნება ის, რომ ირანმა გააგრძელოს საწვავის გამდიდრება, გაეროს ატომური უწყების დამკვირვებლებისთვის აკრძალვების დაწესების ფონზე.
"ახლა გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის სანქციების მოხსნას", - თქვა შოლცმა, თუმცა იქვე გამოვიდა გაფრთხილებით: "ამის გაკეთებას ძალიან სწრაფად თუ ვერ მოვახერხებთ, არის მოლაპარაკებების ჩავარდნის საფრთხე".
გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი, რუსეთსა და ჩინეთთან ერთად, უკვე თვეებია შუამავლის როლში არიან ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის. მიმდინარე კვირაში დასავლელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენი მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა ახლოს არის.
დაწერეთ კომენტარი