Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სვანური“ ვარდისფერი კაბით - როგორ დაგსჯიან თუკი შენი ცეკვა ან სიმღერა არ მოეწონათ?


რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ვარდისფერკაბიანი კაცი სვანურს ცეკვავს და რომელსაც არათუ მხოლოდ სოციალური ქსელი, არამედ საქართველოს კულტურის სამინისტროც გამოეხმაურა, აღმოჩნდა, რომ 2011 წელს, ჰოლანდიაშია გადაღებული. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას წერილობით შეატყობინა „საერთაშორისო ცეკვების ჰოლანდიური თეატრის“ დირექტორმა, დეზირე რებელმა. სწორედ ეს დასი ასრულებს ცეკვას, რომელმაც სოციალურ ქსელში და მის მიღმა დიდი მღელვარება გამოიწვია.

თეატრის დირექტორი გვეუბნება, რომ კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.

„გმადლობთ დაინტერესებისთვის. როგორც ვხვდები, ლაპარაკია ცეკვის ვიდეოზე, რომელიც „საერთაშორისო ცეკვების ჰოლანდიურმა თეატრმა“ დიდი ხნის წინ დადგა. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად განვიხილავთ და ახლა ვიგებთ მეტ ინფორმაციას. ეს ვიდეო დაახლოებით 2011 წელსაა გადაღებული. მე დირექტორის პოზიციაზე 2019 წლიდან ვმუშაობ. როგორც კი უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად შეგატყობინებთ“, - წერს რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო ცეკვების ჰოლანდიური თეატრის“ დირექტორი.

სვანური ცეკვა ვარდისფერი კაბით და სხვა

„საერთაშორისო ცეკვების ჰოლანდიური თეატრი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა და ის ჰოლანდიაში ერთ-ერთი უძველესი საცეკვაო კომპანიაა. დასი ცოცხალი მუსიკის თანხლებით ასრულებს ცეკვებს და როგორც მათ ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ისინი სწორედ ასე ცდილობენ სცენა დაუთმონ მსოფლიოს ხალხთა ცეკვებსა და წარმოაჩინონ მათი მრავალფეროვნება და უნიკალურობა.

ვიდეო, რომელიც ერთ წუთსა და 15 წამს გრძელდება, სოციალურ ქსელში მოცეკვავე ლადო წიტაშვილმა 18 თებერვალს ატვირთა: ეს დანაშაულია!! ეს უპატივცემულობაა!! ეს კულტურის დაცინვაა!!.. ანსამბლი რომელიც მრავალი ერების ცეკვებს ცეკვავს, მხოლოდ საქართველოს მოექცა ესე!“, - დაწერა ლადო წიტაშვილმა.


ცეკვის სრული ვერსია ინტერნეტში არ იძებნება. სავარაუდოდ, ჰოლანდიური დასის მიერ შესრულებული ცეკვა, ნაწყვეტი უნდა იყოს უფრო ვრცელი წარმოდგენისა. კადრებში ჩანს, რომ ექვსი ბალერინა ადგილს უთმობს სვანურ საცეკვაო სამოსში გამოწყობილ ექვს მოცეკვავე ვაჟს, რომლებთან ერთადაც სცენაზე რჩება ვარდისფერ საბალეტო კაბაში ჩაცმული კაცი. მოცეკვავეებთან ერთად ისიც ასრულებს სვანური ცეკვისთვის დამახასიათებელ ილეთებს.

როგორც ლადო წიტაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რამდენიმე ხნის წინ მას ჰოლანდიაში საჩუქრად გადასცეს DVD დისკი და სწორედ იქ აღმოაჩინა „სვანური“ ცეკვის ჩანაწერი. გვეუბნება, რომ DVD დისკი შესასწავლად და გამოსაკვლევად ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიას გადასცა:

„ეს ორი DVD დისკია და მთლიანი პროგრამისთვის არ მიყურებია. ყველაფერი რომ გაარკვიონ იმიტომ გადავეცი. ყველაფერი იმ დისკზე წერია, ვინაა ქორეოგრაფი, დამდგმელი. არიან ევროპელები და არ არიან ქართველები. უახლოეს მომავალში გაირკვევა სრულად. სულ მალე გაიგებს ხალხი, ვინ არიან და ვისი სახელი და გვარი ფიგურირებს. იმ ტელევიზიამ მთხოვა, რომ სანამ თვითონ არ გამოაქვეყნებენ, სხვაგან ინფორმაცია არ გავაჟღერო“.

მართალია სოციალურ ქსელში გავრცელებული „სვანური ცეკვა“ „საერთაშორისო ცეკვების ჰოლანდიური თეატრის“ ოფიციალურ საიტზე ვიდეოს სახით არ იძებნება, სამაგიეროდ, მათ ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ქართული „ხანჯლურის“ ნაწყვეტები, რომელსაც ქალი მოცეკვავე ტრადიციულ ქართულ ჩოხასა და ფაფახში გამოწყობილი ასრულებს.

„საშიში და სასაცილო განცხადება“ - როგორ აპირებს ქართული ცეკვის ღირსების დაცვას კულტურის სამინისტრო?

გავრცელებულ ვიდეოს, ფაქტობრივად, მყისიერად, რამდენიმე საათში გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

„სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს განცხადებაში

უწყება გეგმავს, რომ ყველა ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას აქვს მინიჭებული: „ფერხულს“, „ხორუმს“, „აჭარულ განდაგანას“ და ცეკვა „ქართულს“.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

თავად ფოლკლორის ცენტრს აქვს ინიციატივა, რომ ქართული ქორეოგრაფიული საგანძურის გადასარჩენად დაიწყოს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც ქვეყანას მიიყვანს იუნესკოს მიერ ქართული ხალხური ცეკვის საერთაშორისო აღიარებამდე და არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე:

„ფოლკლორის ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს ჩაატაროს ექსპედიციები და ყველა საჭირო მოსამზადებელი სამუშაო, რათა მომავალში აღარ განმეორდეს ქართული ცეკვის შებღალვა და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი კულტურა, რაც წინაპრებისგან ხშირად საკუთარი სისხლის ფასად გადმოგვეცა“, - ვკითხულობთ ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზეც ლაპარაკობს, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს შემოქმედებით თავისუფლებას და მეორე მხრივ, არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას:

„მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სამინისტრომ თქვა, რომ იგეგმება სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ეს შემდგომი სამუშაო თემაა. ამაზე, ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას კომისია, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მათ შორის, იურისტებიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუკი სახელმწიფოში დაცულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე უნდა იყოს დაცული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკითხი უფრო რეგლამენტირებულია. ახლა ჩასატარებელია სამუშაო არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და ეს პოზიციები სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ჩამოყალიბებული. საქართველო მიერთებულია 2003 წლის კონვენციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ის დავიცვათ“.

„ერთი მხრივ, საშიში და მეორე მხრივ, სასაცილო განცხადება“ - აი ასე აფასებს კულტურის სამინისტროს წერილის შინაარსს იურისტი, სულხან სალაძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ კულტურის სამინისტრო ამ განცხადების იქით აღარ წავა და არ გადაწყვეტს სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას, რომელიც მისი თქმით, ძალიან დამაზიანებელი იქნება შემოქმედებითი პროცესის თავისუფლებისთვის:

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

„ამის წარმოდგენაც კი ძალიან რთულია, რა სამართლებრივი მექანიზმები უნდა შექმნას და როგორ, რადგან არავინ იცის, სად გაივლის ეს ზღვარი. მაგალითად, პრობლემა რა იქნება, ის, რომ ვიღაც კაბას ჩაიცვამს და ისე იცეკვებს, თუ ის, რომ ვიღაც სავარძელში ჩაჯდეს და ასე იცეკვოს? ანუ, სად გავა ეს ზღვარი? კულტურის სამინისტრო ამ წყალგამყოფს ვერ დასვამს და ეს არ არის კულტურის სამინისტროს საქმე“.

კულტურის სამინისტროს წერილის თანახმად, ყველა ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს და UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში უნდა იყოს ნომინირებული. ამან კი სამომავლოდ მათი სათანადოდ დაცვა უნდა უზრუნველყოს. სულხან სალაძეს ამ განცხადებაზე ასეთი პასუხი აქვს:

„ნუსხაში მოხვედრა არის აღიარება და კულტურისადმი მხარდაჭერა და არა ის, რომ ამ ნუსხაში აღმოჩენის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ ვინმეს რაიმე დაუწესოს. სასაცილო იქნება, რომ მაგალითად, ჩვენმა ცეკვამ და სიმღერამ იუნესკოს აღიარება მოიპოვოს და შემდეგ, სამინისტრომ ეს ყველაფერი ბოროტი განზრახვით გამოიყენოს, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს შემოქმედება, რომელმაც შეიძლება ღია ხედვა შეზღუდოს და გვითხრან, რომ ასე კი არა, ისე უნდა იცეკვოთ, ასე კი არა, ისე უნდა იმღეროთ და ა.შ. ამას პრაქტიკაში ვერასდროს აღასრულებ. მე მომწონს თუ არ მომწონს, ეს ჩემ მოწონებაზე არ არის დამოკიდებული. თუკი ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი კულტურა მსოფლიო კულტურის ნაწილია, მაშინ ეს თვითშემოქმედებაც ამის ნაწილია“.

„მაგალითად, არ მოეწონა ჩემი იმპროვიზაცია „წინწყაროში“, განცხადება უნდა გამიშანშალოს? დამაჯარიმოს?“

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს, ფოლკლორის ცენტრის ყოფილს დირექტორსა და ლოტბარს, არ მოეწონა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, მისთვის მიუღებელია კულტურის სამინისტროს გამოხმაურება ამ ჩანაწერზე და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სამინისტრო თავად არ იცავს საკუთარ მემკვიდრეობას, არ აქვს უფლება, მისი დაცვა სხვას მოსთხოვოს:

გიორგი უშიკიშვილი
გიორგი უშიკიშვილი

„არაერთი მაგალითია, როდესაც თავად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანსამბლები შეურაცხყოფენ ქართულ სიმღერასა და ცეკვას. ის, რაც სოციალურ ქსელში ვნახე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა და ამის უფლება მაქვს, რომ თქვა, რომ არ მომწონს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ მაგალითად, როგორც კულტურის სამინისტრის მიერ დაფინანსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მღერის ქართულ სიმღერას, ეს იგივეა ჩემთვის, რაც ვარდისფერ კაბაში „სვანურის“ მოცეკვავე კაცი“.

გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ხაზგასმა იმისა, რომ ცეკვა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ევროპელების მიერაა დადგმული:

„ეს იმ სიმღერის გაგრძელებაა, ევროპელები რომ ქართველობას გვართმევენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ დღეს ჩვენი მემკვიდრეობა გადარჩენილია და თუ დღეს, მათ შორის, სიმღერისა და ცეკვის მნიშვნელოვანი ნიმუშები გაციფრულებულია და მრავალი პროექტია დაფინანსებული ამის შესანარჩუნებლად, სწორედ ევროპული და ამერიკული ფონდების მიერაა დაფინანსებული. და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასობით ევროპელი და ამერიკელი ჩამოდის, დადიან რეგიონებში და ქართულ სიმღერას და ცეკვას სწავლობენ“.

ფოლკლორის ცენტრის ყოფილი დირექტორი გამორიცხავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად რაიმე სამართლებრივი რეგულაციისა და მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობას და ამბობს:

„ამის გაკონტროლება ფიზიკურად წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, რომ შეიქმნას კომისია და ამ კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რა შეიძლება ჩაითვალოს სიმღერის ან ცეკვის დამახინჯებად და რა არა. მე დამახინჯებად სხვა რამ წარმომიდგენია და მას სხვა რამ. როგორ შევთანხმდეთ ამაზე? კულტურის სამინისტრო, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, შემოქმედებით პროცესებში არ უნდა ერეოდეს. მე როგორ ვიმღერებ, ეს კულტურის სამინისტროს პრობლემა არ არის. მე რომ კარგად ვერ ვიმღერო, კულტურის სამინისტრო განცხადებით უნდა გამომეხმაუროს? ხალხური შემოქმედება მთლიანად იმპროვიზაციაზეა აგებული. მაგალითად, არ მოეწონა ჩემი იმპროვიზაცია „წინწყაროში“, განცხადება უნდა გამიშანშალონ? სამართლებრივი მექანიზმი უნდა აამოქმედონ და დამაჯარიმონ? თუ რას ნიშნავს ეს?“

რადიო თავისუფლება შეეცადა მეტი გაეგო კულტურის სამინისტროს პოზიციაზე. . მაგალითად, რა იგულისხმა უწყებამ „სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაში“.

თუმცა, სამინისტროს პრეს-სამსახური მხოლოდ მოკლე წერილობითი კომენტარით შემოიფარგლა: „მოცემულ თემაზე სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ სათანადოდ იყოს დაცული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა და თუ შეიძლება, ჩვენი განცხადებით იხელმძღვანელეთ“.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისოკონვენციის ოფიციალური განმარტების თანახმად, რომელსაც საქართველო 2008 წელს შეუერთდა, „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ ნიშნავს „ადათ-წესებს, წარმოსახვისა და გამოხატვის ფორმებს, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, - ასევე მათთან დაკავშირებულ საშუალებებს, საგნებს, არტეფაქტებს და კულტურულ სივრცეებს, - აღიარებულს გაერთიანებების, ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად. თაობიდან თაობაში გადაცემული ასეთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გაერთიანებებისა და ჯგუფების მიერ მუდმივ განახლებას განიცდის მათი გარემო პირობების, ბუნებასთან მათი ურთიერთმოქმედებისა და ისტორიის შესაბამისად და აყალიბებს მათში თვითმყოფადობისა და მემკვიდრეობითობის გრძნობას, რითაც ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას“.

რაც შეეხება მის „დაცვას“, ამავე კონვენციის თანახმად, ეს ნიშნავს „ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება“.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG