Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი პუტინის გადაწყვეტილებას პასუხობს

აშშ-ის პრეზიდენტი ხვდება უშიშროების საბჭოს წევრებს, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო დაძაბული ვითარების განსახილველად.  20 თებერვალი, 2022
აშშ-ის პრეზიდენტი ხვდება უშიშროების საბჭოს წევრებს, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო დაძაბული ვითარების განსახილველად.  20 თებერვალი, 2022

თეთრი სახლი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მსგავს ნაბიჯს ვაშინგტონი ელოდა და მზად არის მყისიერი პასუხისთვის.

განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს განკარგულებას, რომელიც აკრძალავს ამერიკის მოქალაქეების მიერ ამ ე.წ. რესპუბლიკებთან ნებისმიერ კავშირს - ინვესტირებას, ვაჭრობას და დაფინანსებას.

"ეს განკარგულება ასევე უზრუნველყოფს
სანქციების დაწესებას ნებისმიერ პირზე, რომლებიც უკრაინის იმ ტერიტორიაზე ოპერირებენ", - წერია განცხადებაში.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტები მალე გამოაქვეყნებენ დამატებით დეტალებს და მალევე ასევე გამოქვეყნდება გადაწყვეტილება დამატებითი ზომების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ "საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას უკავშირდება".

თეთრი სახლი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეეხება დამატებით ზომებს და განცალკევებულია იმ სწრაფი და უმკაცრესი ეკონომიკური სანქციებისგან, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად მზადდება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი განაგრძობს უკრაინაში შეჭრას.

განცხადება თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.

XS
SM
MD
LG