Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა უარი თქვა ლავროვთან 24 თებერვლისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე


ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა, რომელიც ამ კვირისთვის იყო დაგეგმილი. ბლინკენი ლავროვთან შეხვედრას დასთანხმდა მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „ახლა, როცა ჩანს, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა ცხადად დაგვანახა დიპლომატიის უარყოფა, აზრი არ აქვს ამ ეტაპზე შეხვედრის გაგრძელებას“, - თქვა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მოველაპარაკე მოკავშირეებს და პარტნიორებს, ყველა დამეთანხმა“, - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ მან ლავროვს 22 თებერვალს წერილი მისწერა, რომელშიც აცნობა, რომ არ შეხვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მანამდე გამოაცხადა, რომ ლავროვი მზად იყო ბლინკენთან შესახვედრად მას მერეც, რაც პუტინმა ბრძანება გასცა, გაეგზავნა ჯარი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც აკონტროლებენ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ძალები. „რთულ ვითარებაშიც ვამბობთ: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა მარია ზახაროვამ 22 თებერვალს. ჩვენი პოზიცია უცვლელია, მზად ვართ მოლაპარაკების პროცესისთვის, - თქვა მან.

ლავროვი და ბლინკენი შეთანხმებული იყვნენ ერთმანეთს შეხვედროდნენ ჟენევაში 24 თებერვალს, რათა უკრაინის კრიზისის გარშემო მოელაპარაკათ. პუტინმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ დამოუკიდებლად აღიარებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს. მან თქვა ასევე, რომ უკრაინაში გააგზავნის არმიას, რათა მათ იქ, პუტინის სიტყვებით, „სამშვიდობო ძალების“ ფუნქცია შეასრულონ. ეს ნაბიჯი დასავლეთმა დაგმო და მას აშშ-მა „უაზრობა“უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 22 თებერვალს გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთს მკაცრ სანქციებს უწესებს. ამ ზომების ძალით, რუსეთის ორ ბანკი იზოლირებული იქნება საერთაშორისო საფინანსო სივრცისგან, ხოლო მოსკოვს წაერთმევა წვდომა საფინანსო ინსტიტუტებზე. ბაიდენის თქმით, მოსკოვის ქმედება უკრაინის მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG