Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძაღლების გასამრავლებლად ნებართვის აღება იქნება საჭირო - თბილისის მერია კანონზე მუშაობს


თბილისსა და მთელ საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლება, მათ შორის გაყიდვის მიზნით მოშენება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ნებართვით. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობით და პარლამენტთან ერთად სპეციალურ კანონზე მუშაობს. კალაძის თქმით, ეს დაარეგულირებს არა მხოლოდ შინაური ცხოველების გამრავლების, ასევე მოვლის წესებს.

"პრობლემების შინაარსს რომ გადავხედოთ, ეს არის ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება, მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება თბილისში ძალიან ხშირია და მოსახლეობა ძალიან წუხს. ცხოველთა სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები კატეგორიულად მიუღებელია. ცოფისა და სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები... კანონპროექტით იქნება მყარი სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ეფექტურად გადაიჭრას ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები", - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება ჰუმანური გზით - სტერილიზაციის შემდეგ ცხოველები ვეღარ შეძლებენ გამრავლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG