Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი რუსეთის სანქცირებაზე: ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებით. ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო რუსეთს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების გამო სანქციები დაუწესოს.

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას.

რაც შეეხება რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რაც არის საპატივცემულო, ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი წამოწიოს.

"სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებს იღებს, იქიდან გამომდინარე, რა ბერკეტებიც გააჩნია მას. საქართველოს ხელისუფლებაც იმოქმედებს ამ ინტერესების და მიზნების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის და შემდეგ კი მოეხდინა ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.

ამ გადაწყვეტილების გამო რუსეთს სანქციებს უწესებენ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ. რუსეთისადმი სანქციებს უერთდებიან დიდი ბრიტანეთ, კანადა, იაპონია, ავსტრალია.

XS
SM
MD
LG