აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და პუტინს "გამჭრიახი" უწოდა მას მერე, რაც კრემლმა აღიარა აღმოსავლეთ უკრაინის ორი, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული რეგიონის დამოუკიდებლობა.
"გუშინ შემოვედი და ტელევიზორის ეკრანი იყო, და ვთქვი, 'ეს გენიალურია'. პუტინმა უკრაინის დიდი ნაწილი... პუტინმა ის დამოუკიდებლად გამოაცხადა", - თქვა ტრამპმა სამშაბათს, 22 თებერვალს, კონსერვატიული ორიენტაციის გადაცემისთვის, Clay Travis & Buck Sexton Show-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ტრამპი გულისხმობდა სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს უკრაინაში, ლუგანსკს და დონეცკს, რომლებიც შეადგენენ რუსეთის მოსაზღვრე, დონბასის რეგიონს.
პუტინმა 21 თებერვალს ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობა აღიარა და რუსეთის ჯარებს უბრძანა იქ "სამშვიდობო" ოპერაციები ჩაატარონ, რამაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერა საერთაშორისო შეშფოთება, რომ კრემლი თავდასხმას გეგმავს.
"ახლა კი პუტინი ამბობს, 'ის დამოუკიდებელია', უკრაინის დიდი მონაკვეთი. და მე ვთქვი - 'როგორი ჭკვიანურია ეს?' ის ახლა შევა და მშვიდობის დამცველი იქნება. ეს ყველაზე ძლიერი მშვიდობისდამცველი ძალაა", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს არის ძალის იმგვარი ჩვენება, რომელიც აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს თავის სამხრეთის საზღვარზე.
ტრამპის ამ განცხადებების ფონზე, აშშ-მა შემოიღო სანქციები, რომლებიც ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას დასავლეთთან ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა 22 თებერვალს დონბასში რუსეთის ჯარების შესვლას უწოდა "რუსეთის შეჭრის დასაწყისი" და სანქციების შემოღების ბრძანება გასცა, პუტინის მხრიდან "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის" პასუხად.
დაწერეთ კომენტარი