„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა, რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე გამოაცხადა სამომავლო გეგმები.
„პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა", - თქვა ნიკა მელიამ. მან აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება, რასაც სხვადასხვა კონსილიუმის წევრებიც ადასტურებენ. ასევე ექიმებისა და კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე ნათელია, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
„აქედან გამომდინარე ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი - ის უნდა იქნეს გადაყვანილი უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად", - აცხადებს ნიკა მელია.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქტივობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და შემდეგ, 5 მარტს, 5 საათზე აქცია ჩატარდება რუსთაველის გამზირზე.
„ყველას ვინც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს, გელოდებით", - აღნიშნავს მელია.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 21 თებერვალს ისევ გამოაცხადა.
ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.
შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.
დაწერეთ კომენტარი