საქართველოს სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რეგიონსა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გაანალიზების შედეგად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს საქართველოს რაიმე საფრთხე ემუქრება.
„საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ და რომლის შედეგიც არის ამ ორი ჩვენი ძირძველი, ისტორიული რეგიონების, მხარის, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება, კოდორის ჩაბარება და სხვა უამრავი სოფლების მიტაცება და ოკუპაცია. ოკუპაცია, რომელიც გრძელდება, ეს ყოველივე არის იმ უბედური, ტრაგიკული ომის შედეგი, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაშინ ვერ იქნა თავიდან აცილებული. სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ", - თქვა პრემიერმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა დგას დიდი საფრთხის წინაშე. მან აღნიშნა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობისთვის გაეზიარებინა საქართველოს წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები.
„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, - განაცხადა პრემიერმა.
21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებს. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.
დაწერეთ კომენტარი