Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: [ჩემს შემთხვევაში] "ბუსტერს" აზრი არ აქვს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ანტივაქსერი არ არის, თუმცა კვლავ იმეორებს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში "ვაქცინა არ მუშაობს". მისი თქმით, ის არ აპირებს გაიკეთოს "ბუსტერ" დოზა.

"ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან - ადამიანს, რომელმაც 5 მლნ ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი...

ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე - მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი. მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება ზედმეტი ახსნები. უყურებს ყველა და ანალიზს უკეთებს - ვაქცინა მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, "ომიკრონზე" უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს - ბუსტერიანზე და ა.შ...

"ბუსტერი" არ მაქვს, [ჩემს შემთხვევაში] აზრი არ აქვს. ომიკრონგადატანილი, ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებს დავეყრდნობი, უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა, ვიდრე ვიდრე ბუსტერდოზიანი. მაგალითს გეტყვით, კიდევ ერთი მინისტრი, გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა "ომიკრონი". მაშინ თქვენ ამიხსენით, ვარ თუ არა მართალი?" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ამ განცხადების შემდეგ მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ აცრილიყვნენ.

მსგავსი შინაარსის განცხადება ღარიბაშვილმა 14 თებერვალსაც გააკეთა. მან ამ დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ აცრის მიუხედავად, ადამიანები ინფიცირდებიან.

"ომიკრონის" შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება "ომიკრონი". მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი"...

მიდგომა შეიცვალა, იმიტომ რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, "მწვანე ბარათის" გამოყენებამ", - თქვა პრემიერმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე აცრა გაიკეთონ, რადგან "ბუსტერ" დოზას მაღალი დაცვა აქვს. მათივე თქმით, "ბუსტერ" დოზა უნდა გაკეთდეს მეორე აცრიდან სამი თვის თავზე. საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ბუსტერ" დოზით აცრილი არ არის, მან მეორე აცრა გასული წლის სექტემბერში გაიკეთა.

რაც შეეხება "ომიკრონით" ინფიცირებისგან დაცვას სრული ვაქცინაციის პირობებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ეს 86,9 %-ია.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 575 999 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 981 ადამიანი.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ სათაური შეცვლილია პრემიერის სრული ციტატით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG