Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობაში და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულ მორჩილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა 3 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო მორჩილი, რომელიც სხვა მორჩილზე ძალადობის გამო დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება ედება ძალადობით განხორციელებული დევნა, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება. კერძოდ, მას ბრალი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა", რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით: "გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ განახორციელა დამამცირებელი მოპყრობა, კერძოდ ძალადობის მუქარით ამ უკანასკნელს გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი, რითაც ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა რ.მ.

ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ რამდენიმეჯერმე განახორციელა ფიზიკური ძალადობა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ კვლავ ჩაიცვამდა სასულიერო პირის შესამოსელს, ამ მიზნით მან თვითნებურად გახადა, წაართვა და აუკრძალა მისი ჩაცმა.

ვ.გ.-მ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერების სახით, რაც ინტერნეტის მეშვეობით ასევე უკანონოდ გაავრცელა", -ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

გამოძიების თანახმად, ძალადობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეოც მოგვიანებით ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, 18 თებერვალს თბილისის ზღვის სიახლოვეს, ერთ-ერთ შენობაში მოხდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG