Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: ვინც ჩვენს კანონებს პატივს არ სცემს, იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ ხელმძღვანელების


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეკითხვას უპასუხა „რუსთავი 2"-ის ეთერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის აცხადებს, რომ არ სურს მის შესახებ ლაპარაკი. ამასთან, მთავრობის მეთაური შეეხო სააკაშვილის მიერ შიმშილობის მეორედ გამოცხადებას.

„რაც შეეხება პატიმარ სააკაშვილს, მე პრინციპულად განვაცხადე, რომ აღარ მსურს პატიმარზე საუბარი. მე ამ ადამიანზე ვსაუბრობდი მანამ, სანამ ის იყო რეალური საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. მას შემდეგ, რაც მისი დაკავება ჩვენ განვახორციელეთ პირველ ოქტომბერს, იგი ჩემთვის აღარ არის საინტერესო და არჩევნების დროს, ბუნებრივია, მე, როგორც პოლიტიკოსი და პოლიტიკური კამპანიის ხელმძღვანელი, ხშირად ვსაუბრობდი. ახლა ჩემთვის აღარ არის საინტერესო არც პატიმარი. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ დაწესებულებას 2 000 პატიმრის შიმშილობის გამოცდილება აქვს, როგორღაც კიდევ ერთი პატიმრის შიმშილობას მართავენ და საკმაოდ წარმატებულად. სხვა დანარჩენი სპეკულაციები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მას უკრაინელმა კოლეგებმა სთხოვეს.

„ეს არ არის ასე. საუბარი გვქონდა ზოგადად და მე ამის თაობაზე გავავრცელე კიდევაც საჯარო განცხადება. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების მიმართ, ეს ზოგადად, მინდა, რომ ცხადად ვთქვა. ისეთი ვითარებაა მსოფლიოში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არა თუ სხვა ქვეყნებზე, პატიმრებზე მით უმეტეს ფიქრობდეს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი. ეს ხომ აბსურდია. მე საერთოდ ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, რომ ასეთ აბსურდზე მიწევს კომენტარის გაკეთება", - თქვა მან.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 21 თებერვალს ისევ გამოაცხადა.

ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.

XS
SM
MD
LG