Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის ნაწილი უკრაინას ტოვებს


უკრაინის მთავრობამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. უკრაინის შსს ხალხს ურჩევს სირენების ჩართვამდე სახლებში დარჩნენ, თუმცა თან იქონიონ პირველადი ნივთები იმ შემთხვევისთვის, თუ გაქცევა დასჭირდათ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო, უკრაინამ უსაფრთხოების მიზნით, სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. მის კვალდაკვალ საჰაერო სივრცე დახურა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამაც.

24 თებერვლის თავდასხმასთან დაკავშირებით BBC წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქ კიევში სირენების ხმა გაისმა, ხალხმა თავშესაფარს დაუწყო ძებნა, ნაწილი ჩავიდა მეტროში, ქალაქის გასასვლელში კი მანქანის რიგი გაიჭიმა. მეზობელმა ქვეყნებმა ლტოლვილების მისაღებად მზადება დაიწყეს.

ბოლო დღეებში უკრაინას მასობრივად ტოვებს მოსახლეობა - ხალხის ნაწილი წავიდა რუსეთში, არიან ისეთებიც, რომლებიც უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად უკრაინის ერთი ქალაქიდან მეორეში გაიხიზნენ. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა მზად არის ათობით ათასი დევნილი მიიღოს. მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის უკრაინიდან მოლდოვაში უკვე 1900 ადამიანი გადავიდა. მოლდოვური მედია წერს, რომ საზღვართან მანქანების რიგებია ჩამწკრივებული. მაია სანდუ მოლდოველებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

ბოლო დღეების თავდასხმების შედეგად უკრაინაში არიან დაღუპულები, ასევე დაჭრილებიც, ბევრი სახლის გარეშე დარჩა.

„სახლში ფანჯრები ჩამსხვრეულია, ცივა, შეუძლებელია იქ გაჩერება. მოგვიწია მებრძოლებთან ერთად სარდაფში ჩავსულიყავით. სასწაულია, რომ გადავრჩით. შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო. ეს რომ დაიწყო... საშინელება იყო. მეგონა ხუთსართულიანი სახლი დაინგრეოდა“, - ასე იხსენებს რადიო თავისუფლებასთან 22 თებერვლის შეტევას ლუგანსკის ოლქში მცხოვრები სერგეი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გეგმური ოპერაციები შეჩერებულია და სამედიცინო სექტორი ამჯერად იმ პირების დახმარებაზე გადაერთვება, რომლებიც ამას საჭიროებენ. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ აქვთ მედიკამენტების მარაგი, ასევე ყველა საავადმყოფო დამოუკიდებელი კვების ბლოკითაა აღჭურვილი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ხალხმა სიმშვიდე და უკრაინის სამხედრო ძალების მიმართ რწმენა შეინარჩუნოს.

ხუთშაბათს, გამთენიისას, მოსკოვმა უკრაინაზე შეტევა დაიწყო, აფეთქებები იყო აეროპორტებში და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის სულ მცირე შვიდ ქალაქში. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგანგებო ოპერაციის ბრძანება გასცა, უკრაინის „დემილიტარიზაციისსაბაბით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG