Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ის მონაცემებით, ლარი მკვეთრად უფასურდება


Bloomberg-ის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება. ლარის გაუფასურება დროში ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 3 ლარიდან 3,1518 ლარამდე მერყეობდა. ამ დროის მონაცემებით [16:15 სთ], 1 დოლარის ღირებულება 3,15 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით, 1 დოლარის ღირებულება 3,0162 ლარია, განახლებული კურსის შესახებ ინფორმაცია 17:00 საათზე გახდება ცნობილი.

იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ ბანკს ლარის ახალი გაცვლითი კურსი ჯერ არ დაუდგენია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკვე ასახულია ორ ყველაზე დიდ კომერციულ ბანკში.

"თიბისი ბანკში" 1 დოლარის ფასი:

  • გაყიდვა - 3,08 ლარი;
  • ყიდვა - 3,22 ლარი.

"საქართველოს ბანკში" 1 დოლარის ფასი:

  • გაყიდვა - 3,1 ლარი;
  • ყიდვა - 3,2 ლარი.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG