Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ელჩი: დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში, სადაც არ არის მსოფლიო წესრიგი


საქართველოში უკრაინის ელჩი ​იგორ დოლგოვი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებით სხვა რეალობა შეიქმნა. მან სხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ბრიფინგი გამართა.

"დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში - იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი და არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი... მოსკოვმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ეს იყო კრემლში მომზადებული სცენარის მიხედვით", - თქვა საქართველოში უკრაინის ელჩმა.

მისი თქმით, დღეს, 24 თებერვალს რუსეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, შემდეგ კი ამავე ქვეყნის პრეზიდენტების მონაწილეობით - სამიტი.

"პარალელურად ხდებოდა პუტინის სცენარის შემუშავება - პუტინმა გამოაცხადა ოპერაცია, რომელიც უკავშირდებოდა მოსახლეობის "სიცოცხლისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფას". ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მაშინ, როცა ნიუ-იორკში იმართებოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა...

მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი... დილის 5 საათიდანვე ნათელი გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც უნდოდა რომ ეჩვენებინა პუტინს. ეს არის ნამდვილი ომი", - თქვა ელჩმა.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG