Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთისთვის რუსეთი არსად შეჭრილა


უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას და უკრაინის ქალაქების დაბომბვას უკრაინაში შეჭრას არ უწოდებს ჩინეთი, რომელიც ბოლო დღეებში ასევე მწვავედ აკრიტიკებს დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

„ჩინეთი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, რათა სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან“, - ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ჰუა ჩუნინის სიტყვებს Reuters-ი აქვეყნებს.

ჩუნინი ამბობს, რომ სიტყვა „შეჭრა“ დასავლური მედიებისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ჩინელები „დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ“. თუმცა პეკინის მხარდაჭერა მაინც რუსეთისკენ არის.

„უკრაინის საკითხს აქვს სხვა რთული წინაისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება. შესაძლოა, ეს არ არის ის, რისი დანახვაც ყველას უნდა“, - თქვა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

წარსულში, პეკინს, სხვადასხვა დროს გაკეთებული აქვს განცხადებები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 თებერვალს, შედგა სატელეფონო საუბარი სერგეი ლავროვსა და მის ჩინელ კოლეგას - ვან ის შორის და მათ ერთნაირი დამოკიდებულება გამოხატეს უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით.

„მინისტრებმა გამოთქვეს საერთო მოსაზრება, რომ ამჟამინდელი კრიზისის მიზეზია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ კიევის წახალისება, რომ მას არ შეესრულებინა მინსკის [შეთანხმებების] „ღონისძიებათა კომპლექსი“, დადასტურებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე ტექსტის თანახმად, „მხარეებმა განიხილეს იმ შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობა, რომლებსაც ხელი მოეწერა უმაღლეს დონეზე, 4 თებერვალს, გამართული შეხვედრის დროს“.

4 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა პეკინში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ დღეს ერთად დაგმეს ნატოს საქმიანობა და ერთად გაამართლეს რუსეთის მხრიდან დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმები.

რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე რუსეთი ომს გამოუცხადებდა უკრაინას, 23 თებერვალს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ რუსეთსა და ჩინეთს სურთ „ღრმად არალიბერალური“ მსოფლიო წესრიგის შექმნა და მათ მიერ შერჩეული სისტემა „ბევრი თვალსაზრისით დამანგრეველია“.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის სამაშველო რგოლის ფუნქციას შეასრულებს, როდესაც მის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული მრავალი ეკონომიკური სანქცია ამოქმედდება.

თუმცა იმის გამო, რომ, სპეციალისტების აზრით, ჩინეთსა და რუსეთს ერთმანეთში სადავოც არცთუ ცოტა აქვთ (მაგალითად, გავლენებისთვის ბრძოლა ცენტრალურ აზიაში თუ ჩინეთის მკვეთრად მზარდი გავლენები რუსეთის ციმბირში), დღეს ზუსტად ვერავინ ამბობს, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობები.

USA Today-ში გამოქვეყნებული წერილის ავტორი ვარაუდობს, რომ უკრაინის ომში გამარჯვება, საბოლოოდ, შესაძლოა, ჩინეთმა, ირანმა ან ჩრდილოეთ კორეამ მოიპოვოს. ავტორის მოსაზრებით, ამ ქვეყნებმა შეიძლება, დასავლეთში შექმნილი პრობლემებით ისარგებლონ და თავიანთი გეგმების განხორციელება დაიწყონ.

ამ ვერსიით, ჩინეთმა შესაძლოა დრო იხელთოს და გააძლიეროს კონტროლი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე - რესურსებით მდიდარ რეგიონზე, რომლის ხელში ჩაგდება ასევე სურთ ვიეტნამს, ფილიპინებს, მალაიზიას, ინდონეზიასა და ბრუნეის. არის ასევე მოსაზრება, რომ პეკინმა კრემლის მაგალითით იხელმძღვანელოს და უფრო აქტიურად ეცადოს ტაივანში შეჭრას.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ - ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო და, როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა, ის მიზნად ისახავს - „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.

„არა, ეს არ არის რუსეთის შეჭრა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს არის სრულმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებიდან“, - დაწერა ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. რუსეთი დილიდან ბომბავდა უკრაინის ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებს. თანდათან სულ უფრო იზრდება დაღუპულთა რიცხვი. უკრაინაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG