Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ინტერვენცია უკრაინაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 თებერვალს


რუსული ბანკები და ოლიგარქები სანქციების ახალ სიაში - დასავლეთის პასუხი სრულმასშტაბიან შეჭრაზე

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას დასავლეთის მხრიდან სანქციების მეორე ფაზა მოჰყვა. რუსულ ფინანსებსა და ეკონომიკაზე ზეწოლას აძლიერებს აშშ.

ვაშინგტონი ახალ სანქციებში აქცევს კიდევ უფრო მეტ ოლიგარქს, უზღუდავს რუსეთს ბიზნესის კეთების საშუალებას ამერიკაში, ქონებას უბლოკავს ოთხ ყველაზე მსხვილ ბანკს (მათ შორის, VTB ბანკს) და ხურავს მაღალტექნოლოგიურ სექტორს რუსეთისთვის.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა 24 ბელარუსული კომპანია და ინდივიდუალური პირი, რუსეთის მიმართ მინსკის მიერ გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო.

ჯო ბაიდენმა გუშინ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი „აგრესორია“, რომელმაც დასავლეთის დიპლომატიურ მცდელობებს ზურგი აქცია. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დააზუსტა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არ იომებენ, თუმცა ისინი დაიცავენ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიას. ამისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს ევროკავშირი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 24 თებერვალს შეთანხმებული სანქციების მეორე პაკეტი ეხება დამატებით ექვს სფეროს. ესენია:

  • ფინანსური სექტორი;
  • ენერგეტიკის სექტორი;
  • სატრანსპორტო სექტორი;
  • ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ექსპორტის დაფინანსება;
  • სავიზო პოლიტიკა;
  • სანქციების სიაში შეყვანილი დამატებითი პირები და სანქციების სიების ახალი კრიტერიუმები.

სანქციების გამკაცრების ყველაზე აქტიური ლობისტი ისევ დიდი ბრიტანეთია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინს „დიქტატორი“ უწოდა და მსხვილი რუსული ბანკებისთვის ქონების გაყინვის შესახებ გამოაცხადა.

აქაც სიაშია VTB. ბრიტანეთი ასევე გეგმავს, რუსეთის კომპანიებს და მთავრობას აუკრძალოს ფულის მოპოვება მის ბაზრებზე. აკრძალავს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტს რუსეთში და რუსეთის ავიაკომპანიას, აეროფლოტს, აუკრძალავს ბრიტანეთის აეროპორტებში დაშვებას.

ბორის ჯონსონი მოითხოვს დანარჩენი ქვეყნებისგან, რომ რუსეთი გაითიშოს SWIFT-ის გადახდის სისტემიდან, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლელი პარტნიორებისგან მოითხოვდა SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვას, ამ საკითხზე კონსენსუსი ევროკავშირში ვერ შედგა. გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა აშშ-მაც. ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ უკვე გამოცხადებული სანქციები გაცილებით მკაცრია, ვიდრე რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა.

წაიკითხე მეტი.

რა ხდება უკრაინაში 24 საათის თავზე რუსეთის შეჭრიდან?

24 იანვარს კიევმა განგაშის სიგნალებით გაიღვიძა. დღის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქში განგაში რამდენჯერმე განმეორდა. გუშინ რუსეთი უკრაინას სამი მხრიდან უტევდა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის შემოგარენში, ხარკოვში, ოდესაში, მარიუპოლში ლუცკში, ივანო-ფრანკოვსკში და სხვა ქალაქებში.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ოლეჰ ლიაშკოს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველ დღეს 57 ადამიანი დაიღუპა, 169 კი - დაშავდა.

საღამოს BBC იუწყებოდა, რომ ბრძოლები მიმდინარეობდა კიევის მახლობლად ავიაბაზაზე. ეს ყველაზე ახლო წერტილია დედაქალაქთან, რომელსაც რუსეთის ჯარებმა მიაღწიეს.

მთელი დღის განმავლობაში იბრძოდნენ უკრაინელი სამხედროები ჩერნობილის დასაცავად, თუმცა დღის ბოლოს ატომური ელექტროსადგური რუსებმა ჩაიგდეს ხელში. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

წაიკითხე მეტი.

რა მოხდება, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს?

ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მსჯელობდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი იერიში დაიწყო.

არაერთი ანალიტიკოსი ასკვნიდა, რომ პუტინის აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა სწორედ იმ შედეგებს, რომლის თავიდან არიდებაც თითქოს სურდა რუსეთის პრეზიდენტს - გაძლიერებულ ნატოს, კიდევ უფრო ანტირუსულ უკრაინასა და იზოლირებულ რუსეთს.

თუმცა, მსოფლიო მედიაში რამდენიმე სტატიის ავტორი ასევე ცდილობდა, ევარაუდა, თუ რა მოხდებოდა რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში.

გააჩნია, რა იგულისხმება გამარჯვებაში. თუმცა, გამორიცხული არაფერია, - წერდა Foreign Affairs-ი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. სტატიის ავტორები, ლაიანა ფიქსი და მაიკლ კიმიჯი იხსენებენ 2015 წელს, როდესაც რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ჩაერთო. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვარაუდობდა, რომ ეს ნაბიჯი პუტინს შეიძლებოდა ძალიან ძვირად დასჯდომოდა - რუსეთის ინტერვენცია ისეთივე კატასტროფული შედეგებით დასრულდებოდა, როგორც საბჭოთა კავშირისთვის - ავღანეთში შეჭრა.

წაიკითხე მეტი.

„ოცნება" პრეზიდენტის მიერ დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს - კვორუმი არ შედგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ გეგმავენ პრეზიდენტის მიერ მოწვეულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას. რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, არ გაიმართება.

„ხვალ პარლამენტის 41 დეპუტატის ინიციატივით, რომელთაგან დიდი უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, მოწვეული იქნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. აქვე დავძენთ, რომ სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს. იმაზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს, რომ მათ დღის წესრიგში შესატანი ორი საკითხიდან ვერც ერთი მოარგეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს“, - განაცხადა მიქანაძემ.

სხდომის ჩავარდნის მოლოდინი ოპოზიციას გუშინ საღამოს უკვე ჰქონდა, მას მერე, რაც დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 25 თებერვლის სხდომა იქნებოდა წყალგამყოფი საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის.

წაიკითხე მეტი.

VTB ბანკს ბრიტანეთსა და აშშ-ში სანქციებს ადებენ - პირველი კომენტარი ბანკისგან

VTB ბანკის ქონება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გაყინეს. ეს ბანკი რუსეთში სიდიდით მეორე და საქართველოს ბაზრის მსხვილი მოთამაშეა.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ამ ბანკში ერიცხება ხელფასი, ნაწილს კი ანაბრები აქვს გახსნილი. ბანკმა 2020 წელს "წმინდა მოგებად" 26,714 ათასი ლარი მიიღო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა VTB ბანკის საქართველოს წარმომადგენლობას და ჰკითხა, რა გავლენა ექნება დაწესებულ სანქციებს საქართველოში კლიენტებზე. ბანკში მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთეს:

"აღნიშნული სანქციების გამო ჩვენს კლიენტებს რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნებათ".

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, "ვითიბი ბანკი" - საქართველოს წილების 97 პროცენტზე მეტს სსს "ბანკი ვეტებე" ფლობს.

წაიკითხე მეტი.

რუსეთ-უკრაინის ომი - ვინ უჭერს მხარს პუტინს და რა ხდება რეგიონში?

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომში, რუსეთის ყველაზე გამოკვეთილ და ჯერჯერობით ერთადერთ მოკავშირედ ლუკაშენკას ბელარუსი რჩება. რადიო თავისუფლებამ გადახედა, რა პოზიციები აქვთ სხვა ქვეყნებს რეგიონში და მათ შორის - საქართველოს უშუალო სამეზობლოში.

ბელარუსი

ერთ-ერთი მიმართულება, საიდანაც უკრაინას რუსეთმა სამხედრო ძალით შეუტია, სწორედ ბელარუსი იყო. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი კვირაა დგანან რუსეთის არმიის შენაერთები. ჩატარდა ერთობლივი მასშტაბური წვრთნებიც.

ომი უკვე დაწყებული იყო, როცა ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ მოუწოდა უკრაინას, რუსეთის მოთხოვნებზე დათანხმებით დაიწყოს მოლაპარაკებები მინსკში. რუსეთის პრეზიდენტის მიერ მანამდე გახმოვანებული მოთხოვნებია: დემილიტარიზაცია, ნატოზე უარის თქმა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარის თქმა.

თურქეთი

„თურქეთი გმობს და მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ“, - პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ეს სიტყვები თავდაპირველად სააგენტო „ანადოლუმ“ გაავრცელა ელვა-შეტყობინების სახით. ამავე წყაროს ცნობით, ანკარაში, პრეზიდენტ ერდოანის ხელმძღვანელობით გაიმართა თითქმის 2-საათიანი დახურული შეხვედრა უკრაინის შესახებ, ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

„ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს კიევის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - წერს „ანადოლუ“.

მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც „თურქეთი ეწინააღმდეგება საზღვრების შეცვლას სამხედრო ძალით“.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG