საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა თავისი ყოფილი კლუბის - გელზენკირხენის „შალკეს“ მიერ რამდენიმე საათის წინ მიღებულ პრინციპულ გადაწყვეტილებას.
„2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში „შალკე 04“-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის, „გაზპრომის“ სახელი ეწერა. ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მეთამაშა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი”, - დაწერა ლევან კობიაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე.
„შალკემ“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღარ ითამაშებს იმ ფორმით, რომელზეც „გაზპრომის“ ლოგოა დატანილი. გამორიცხული არაა, საქმე სასპონსორო ხელშეკრულების გაუქმებამდეც მივიდეს.
„შალკესა“ და „გაზპრომის“ პარტნიორობა თხუთმეტ წელზე მეტს ითვლის. მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდეა გაფორმებული და კლუბი ყოველწლიურად რუსული კომპანიისგან ცხრა მილიონი ევროთი ფინანსდება.
დაწერეთ კომენტარი