აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა 24 თებერვალს განცხადებას ავრცელებს და გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრას, რითაც უერთდება სხვა ყოფილ პრეზიდენტებს - ჯორჯ ბუშს, ბილ კლინტონს და ჯიმი კარტერს.
"წუხელ რუსეთმა დაიწყო უტიფარი თავდასხმა უკრაინის ხალხზე, საერთაშორისო სამართლის და ადამიანური კეთილსინდისიერების საბაზისო პრინციპების დარღვევით", - წერს ობამა ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: "რუსეთმა ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ უკრაინა რუსეთს საფრთხეს უქმნის, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის ხალხმა აირჩია გზა სუვერენიტეტისკენ, თვითგამორკვევისკენ და დემოკრატიისკენ. იმ უფლებების გამოყენებისთვის, რომლებიც ყველა ხალხის და ერისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უკრაინელები ახლა არიან სასტიკი თავდასხმის ქვეშ, რომლის დროსაც იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და სახლს-კარს კარგავს კაცების, ქალების და ბავშვების უთვალავი რაოდენობა".
ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის თავზეხელაღებული მოქმედება უკრაინას სცდება და საერთაშორისო წესრიგს უქმნის საფრთხეს.
"ყველა ამერიკელმა, განურჩევლად პარტიისა, მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ ბაიდენის ძალისხმევას, ჩვენს უახლოეს მოკავშირეებთან კოორდინაციით, რათა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესდეს - სანქციები, რომლებიც რუსეთის ავტოკრატ ლიდერებს რეალურ საფასურს დააკისრებს", - წერს ობამა თავის განცხადებაში.
აშშ-ის ცოცხალი ექსპრეზიდენტებიდან მხოლოდ დონალდ ტრამპი რჩება, რომელსაც ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ. ტრამპი გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ახლახან მიცემულ ინტერვიუში მან პუტინს "გამჭრიახი" უწოდა უკრაინასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯების გამო.
დაწერეთ კომენტარი