Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული წყაროების თანახმად, რუსული ტანკები კიევში შესვლას ცდილობენ


რუსი სამხედროები სუმსკის ოლქიდან კიევისკენ დაიძრნენ. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ იუწყება ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში უთხრეს, რომ რუსული ტანკების კოლონის შესაჩერებლად, უკრაინელმა სამხედროებმა დასახლებულ პუნქტ ივანკოვთან ხიდი ააფეთქეს. როგორც გამოცემა წერს, ივანკოვი კიევისკენ მიმავალი გზის შუაშია.

ამასთან, უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, სუმსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სუმიში უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას.

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელა უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი რაკეტის ფრაგმენტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია კიევის აღება და ქვეყნის მთავრობის შეცვლა. „არსებული ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა ნომერ პირველ სამიზნედ, ხოლო ჩემი ოჯახი - მეორე სამიზნედ", - განაცხადა 24 თებერვალს ღამით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს, 137 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG