პოლონეთის პრეზიდენტმა ტერორის აქტად შეაფასა რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევის დაბომბვა.
უკრაინის პრეზიდენტთან დღეს, 25 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა დუდამ ტვიტერზე დაწერა, რომ კიევში ძალიან რთული სიტუაციაა, რუსებმა დაიწყეს ქალაქის დაბომბვა და ადამიანები იღუპებიან.
პოლონეთის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის აშკარა ტერორის აქტი, რომელიც მიმართულია საბრძოლო სულის გასატეხად, თუმცა ქალაქის დასაცავად არსებობს უზარმაზარი სიმტკიცე.
პოლონეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ბუქარესტის ცხრიანს“ მიმართა თავდაცვაში დახმარების, სანქციების და აგრესორზე ზეწოლის მიზნით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საჭიროა ომის საწინააღმდეგო კოალიცია. „რუსეთი ერთობლივად უნდა დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
„ბუქარესტის ცხრიანი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას აერთიანებს - ბულგარეთს, რუმინეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს. ეს გაერთიანება უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის, 2014 წლის შემდეგ შეიქმნა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
უკრაინაზე თავდასხმის გამო ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და ავიაციის სფეროებს ახალი სანქციები დაუწესეს.