რუსეთი თავისი საჰაერო სივრცით სარგებლობას უზღუდავს ბრიტანეთის თვითმფრინავებს. ამის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ, „როსავიაციამ“ გამოაცხადა.
აკრძალვა 25 თებერვალს, მოსკოვის დროით 11 საათზე შევიდა ძალაში და ეხება როგორც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებამდე ფრენას, ისე სატრანზიტო ფრენებს რუსეთის საჰაერო სივრცეში.
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის საპასუხოდ გუშინ დიდმა ბრიტანეთმა ფრენა აუკრძალა რუსეთის ავიაკომპანია „აეროფლოტს“, რომელიც ყოველდღიურ რეისებს ასრულებს მოსკოვსა და ლონდონს შორის. „აეროფლოტის“ გარდა ამ მარშრუტზე დაფრინავს ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი.
„როსავიაციის“ თქმით, ლონდონს შესთავაზეს მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთში რუსეთის თვითმფრინავების რეისების შეზღუდვის თაობაზე, მაგრამ პარასკევს დილით უარყოფითი პასუხი მიიღეს.
მანამდე მოსკოვმა განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, სარკისებური წესით მიიღოს საპასუხო ზომები „აეროფლოტისთვის“ დიდ ბრიტანეთში ფრენის აკრძალვის თაობაზე.
24 თებერვლის დილიდან რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე. იტყობინებიან, რომ იბომბება უკრაინის დიდი ქალაქები. მიმდინარეობს ბრძოლები დონბასში, ხარკოვის მახლობლად, უკრაინის ჩრდილოეთში. გავრცელდა ცნობები რუსეთის დესანტზე კიევთან და ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრაზე ანექსირებული ყირიმიდან. ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხარეს ათობით დაღუპულის შესახებ.
აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა დაგმეს რუსეთის აგრესია და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები შემოიღეს. შეზღუდვები შეეხება რუსეთის ბანკებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ორმაგი დანიშნულების საქონელს, სავიზო რეჟიმს. ბრიუსელი ასევე გააფართოებს „შავ სიას“.