ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 თებერვალს საგანგებო შეხვედრას გამართავენ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
დიპლომატების თქმით, საუბარი იქნება უკრაინის შემდგომი დახმარების შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ რა პოზიცია დაიკავოს ბლოკმა რუსეთის მიმართ, რომელიც განაგრძობს იერიშს.
შეხვედრამდე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე. 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვები შეეხება რუსეთის ბანკებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ორმაგი დანიშნულების საქონელს, სავიზო რეჟიმს. ბრიუსელი ასევე გააფართოებს „შავ სიას“.
„სერიოზული და მიზანმიმართული სანქციების პაკეტი, რომელიც წუხელ დამტკიცდა, ცხადყოფს, რამდენად ერთსულოვანია ევროკავშირი“, - განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა გადაწყვიტა მოსკოვის წინააღმდეგ არ გამოიყენოს სადამსჯელო ზომების სრული არსენალი.
უკრაინა მოითხოვდა, რომ რუსეთი გაერიცხათ SWIFT-იდან, რომელიც მსოფლიოში ფინანსური ტრანსაქციების ყველაზე გავრცელებული სისტემაა.
SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მოწოდებით გამოდიან ასევე ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ თავი შეიკავა ამ ნაბიჯისგან.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა.
25 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის მიმართ ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დააწესეს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.