Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პასუხი რუსულ ოცნებას" - მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება აქცია, რომელზეც უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიერ გამოხატულ პოზიციას აპროტესტებენ. აქციაზე ისმის შეძახილები -"წადი!"

უკრაინის მხარდამჭერ აქციას "პასუხი რუსულ ოცნებას" ჰქვია. აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები არიან.

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების მიმართ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებების პასუხად უთხრა, რომ მას შეუძლია უკრაინაში მაშინაც არ ჩავიდეს, როცა კიევის თავზე სამშვიდობო თვითმფრინავები იფრენენ. მან ისიც გაახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG