უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, ბანკოვაიას ქუჩიდან გააკეთა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ მთავრობა კიევშია და არსად გაქცევას არ აპირებს.
"ჩვენ აქ ვართ, კიევში. ჩვენ ვიცავთ უკრაინას. და ასე იქნება შემდეგშიც. დიდება ჩვენ დამცველ მამაკაცებსა და ქალებს“, - აცხადებს მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი.
მასთან ერთად ვიდეოკადრში ჩანან: უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ანდრეი ერმაკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მიხაილ პოდოლიაკი.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მიმართა და მოუწოდა, ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღონ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიული შეხვედრის დროს განაცხადა, რომელიც რუსული სატელევიზიო არხებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
"ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღეთ, როგორც ჩანს, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება თქვენთან მოლაპარაკება, ვიდრე ნარკომანებისა და ნეონაცისტების ამ ბანდასთან, რომლებიც კიევში დასახლდნენ და მთელი უკრაინელი ხალხი მძევლად აიყვანეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
რუსეთი კიევზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებს და უკრაინის დედაქალაქში სახმელეთო ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანასაც ცდილობს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიზანია კიევის აღება და ქვეყნის მთავრობის შეცვლა. „არსებული ინფორმაციით, მტერმა მე მომნიშნა ნომერ პირველ სამიზნედ, ხოლო ჩემი ოჯახი - მეორე სამიზნედ", - განაცხადა 24 თებერვალს, ღამით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს, 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.