ნატო თავის ისტორიაში პირველად განალაგებს თავის სწრაფი რეაგირების ძალებს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ნატოს სამიტის შემდეგ, რომელიც პარასკევს გაიმართა.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინის ხელისუფლების დამხობას ცდილობს. „ვხედავთ რიტორიკას, მესიჯებს, რომლებიც აშკარად მიანიშნებს იმას, რომ მიზანია კიევის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოგდება,“ განაცხადა მან ნატოს ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 30-წევრიანმა ალიანსმა გამოაცხადა შეიარაღების ტიპის შესახებ, რომელსაც მიაწვდიან უკრაინას. მათ შორისაა საჰაერო თავდაცვითი საშუალებები, თუმცა მას დეტალები არ უხსენებია.
სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები ძალზე მოწადინებული არიან, გააგრძელონ დახმარება.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატო თავის აღმოსავლეთის ფლანგზე განალაგებს სწრაფი რეაგირების ძალების ელემენტებს, რომლებიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებით.
„ჩვენ ახლა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს პირველად განვალაგებთ კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში,“ თქვა სტოლტენბერგმა.
დასკვნით განცხადებაში, რომელიც ნატოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, შექმნილ ვითარებაზე ნათქვამია, რომ ესაა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ნატოს ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ამ ქვეყნის მიმართ აგრესიას კი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი უწოდეს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უარი თქვა რუსეთ-ნატოს ფუძემდებელი აქტით ნაკისრ ვალდებულებებზე. უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება განცხადებაში მოხსენიებულია „საშინელ სტრატეგიულ შეცდომად“, რაც „რუსეთს ძვირად დაუჯდება“. ნატომ სოლიდარობა გამოხატა უკრაინას და პირობა დადო, რომ მომავალშიც აღმოუჩენს მას „პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის აუცილებლობის არგუმენტებად, სხვათა შორის, დაასახელა ის, რომ თითქოს რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანება. ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრებმა ამგვარ არგუმენტაციას ტყუილი უწოდეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის აღმოსავლეთით უკვე გადასროლილ 8000-მდე ნატოელ ჯარისკაცს, სავარაუდოდ დაემატება კიდევ 5000.