ამერიკელმა კინორეჟისორმა, დევიდ ლინჩმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დამზაფვრელი პროგნოზი წარუდგინა მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ლინჩმა პუტინს მიმართა თავის ყოველდღიურ "ამინდის პროგნოზში", რომელსაც რეჟისორი YouTube-ის არხზე აქვეყნებს და რომელშიც, როგორც წესი, მსჯელობს ხოლმე ამინდზე და სხვადასხვა ზოგად მოსაზრებაზე, იშვიათად ეხება მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს იშვიათად ეხება და თითქმის არასოდეს გამოდის 25 თებერვლის მსგავსი, კრიტიკული მონოლოგით.
მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ 25 თებერვალს ლოს-ანჯელესში მოწმენდილი ცა, თუმცა სიცივე იქნებოდა, ლინჩმა თქვა, რომ ფიქრობს უკრაინელ ხალხზე და ჯგუფ Portishead-ის 1994 წლის სიმღერაზე “Roads.” შემდეგ მან კვლავ ამინდზე გააგრძელა ლაპარაკი, თუმცა მოულოდნელად ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და თქვა: "არ ვიცი, დღეს როგორი ტემპერატურა იქნება ... ბატონ პრეზიდენტ პუტინს ვეტყოდი, რომ ჩვენ, როგორც ადამიანები, ვივსებით იმით, თუ როგორ ვექცევით სხვა ადამიანებს. და არსებობს ბუნების კანონი, ძალიან მკაფიო კანონი, რომელსაც ხვრელები არ აქვს და რომლისგან გაქცევაც შეუძლებელია - რომ რასაც დასთესავ, იმას მოიმკი. და, ბატონო პუტინ, ახლა თქვენ სიკვდილს და ნგრევას თესავთ. ეს ყველაფერი თქვენს კისერზეა" - განაცხადა ლინჩმა.
შემდეგ რეჟისორი განაგრძობს: "უკრაინელები არ დასხმიან თავს თქვენს ქვეყანას. თქვენ მიხვედით და მათ ქვეყანას დაესხით თავს. ეს ამდენი სიკვდილი და ნგრევა დაგიბრუნდებათ და თქვენვე გეწვევათ - და ამ დიდ სურათში, რომელშიც ვმონაწილეობთ, არსებობს უსაზღვრო დრო, ცხოვრების შემდეგ ცხოვრება, საიმისოდ, რომ ის მოიმკათ, რასაც თესავთ".
ლინჩმა პუტინს მოუწოდა დაიწყოს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და მეგობრობის შენება. "დაასრულეთ ეს თავდასხმა. მოდით ერთად ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ისარგებლოს მშვიდობით და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. მოდით, პრობლემები ერთად გადავჭრათ".
დევიდ ლინჩი ამერიკული კინოს ვეტერანია. მას ეკუთვნის ისეთი საკულტო სტატუსის მქონე ფილმები, როგორებიცაა "ადამიანი სპილო" (1980), "მალჰოლანდ დრაივი" (2001), "ლურჯი ხავერდი" (1986), "გულით ველური" (1990), ისევე, როგორც ტელესერიალი "ტვინ პიკსი". ლინჩი ცნობილია მისი ორიგინალური ხელწერით - ე.წ. "ლინჩიანური" ესთეტიკით, რომელიც ერთმანეთს უხამებს ყოველდღიური ყოფის სცენებს და დამზაფვრელ, წარმოსახვით, სიურრეალისტურ სახეებს. 2019 წელს დევიდ ლინჩს გადაეცა ამერიკის კინოაკადემიის საპატიო პრემია, საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში მას ორჯერ აქვს მიღებული პრემია "ცეზარი", ისევე, როგორც კანის ფესტივალის ოქროს პალმა და ვენეციის ფესტივალის ოქროს ლომი და პრემია კინემატოფრაფში შეტანილი წვლილისთვის. 2007 წელს, ბრიტანული გამოცემის, Guardian-ის მიერ მოწყობილ დისკუსიაზე კინოკრიტიკოსებმა ლინჩს თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი კინორეჟისორი უწოდეს, გამოცემა AllMovie-მა კი ის შეაფასა "თანამედროვე ამერიკული კინოს რენესანსის ადამიანად".
2017 წელს დევიდ ლინჩი თბილისს სტუმრობდა, და ამ ვიზიტისას მან ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
დაწერეთ კომენტარი