დღეს, 26 თებერვალს, საღამოს 7 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციაზე გასვლისკენ მოქალაქეებს მოძრაობა #სირცხვილია მოუწოდებს.
"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - ვკითხულობთ მიმართვაში.
მოქალაქეები თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე გუშინ, 25 თებერვალსაც შეიკრიბნენ. ისინი ქუჩაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად გავიდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.
უკრაინის რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებების პასუხად უთხრა, რომ მას შეუძლია უკრაინაში მაშინაც არ ჩავიდეს, როცა კიევის თავზე სამშვიდობო თვითმფრინავები იფრენენ. მან ისიც გაახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ და შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".
უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".