Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მედიაჯგუფები მსოფლიოს ტელევიზიის პროვაიდერებს რუსული საინფორმაციო არხების გათიშვისკენ მოუწოდებენ


წამყვანი უკრაინული მედიაჯგუფები - 1+1 Media, Starlight Media, Media Group-ი და Ukraine Inter Media Group-ი მიმართავენ ტელევიზიების პროვაიდერებს მსოფლიოში და სთხოვენ ახალი ამბების რუსულ არხების გათიშვას. ითხოვენ, რომ ეს არხები დაიბლოკოს ევროპულ სატელიტებზე, საკაბელო ქსლებსა და ყველა სხვა წყაროში.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს სანდო და მართალ ინფორმაციზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. „გვესმის, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა და რამხელა ძალისხმევას მიმართავენ ყალბი ამბების გასავრცელებლად და ხალხის ცინიკურად მოსატყუებლად. ჩვენ ამის სრული წინააღმდეგები ვართ“.

26 თებერვლიდან ყველა ამ მედიაჯგუფის არხები ერთიანი ფორმატით და ერთი სახელით - United News - მაუწყებლობენ. „ობიექტურად და სწრაფად ვავრცელებთ ამომწურავ ინფორმაციას ქვეყნის ყველა რეგიონიდან, 24 საათის განმავლობაში. მზად ვართ საერთაშორისო პროვაიდერებისთვის სიგნალის მისაწოდებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG