Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის შესახებ შარლ მიშელს ესაუბრა


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს უკრაინის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრეზიდენტმა მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიიწვია", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG