დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსეთი უფრო მედგარ წინააღმდეგობას აწყდება უკრაინაში, რაც ანელებს მისი ჯარების წინსვლას ალყაში მოქცეული კიევისკენ.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 26 თებერვალს Reuters-ს განუცხადა, რომ, როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო მეთაურებმა უკრაინაში შეჭრისთვის არასაკმარისი საწვავი და ლოგისტიკური დახმარება დაგეგმეს და ახლა ცდილობენ შექმნილი დეფიციტის შევსებას.
მისი თქმით, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, უკრაინელები დიდ წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგეს.
„ჩვენი ინფორმაციით, [რუსეთის ჯარებმა] ვერ მიაღწიეს იმ წარმატებას, რაც მათ სურდათ, განსაკუთრებით ჩრდილოეთში. ისინი იმედგაცრუებული არიან მტკიცე წინააღმდეგობით,“ თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა და დასძინა: „ამან მათი წინსვლა შეანელა.“
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების წინსვლა შეფერხდა. მიზეზად ისიც ასახელებს სავარაუდო ლოგისტიკურ პრობლემებსა და „უკრაინელთა ძლიერ წინააღმდეგობას“.
„რუსეთის ჯარები გვერდს უვლიან უკრაინის დიდ დასახლებულ ცენტრებს და ჯარებს ტოვებენ მათი ალყაში მოქცევისა და იზოლაციისთვის. კიევში ღამით მიმდინარე ბრძოლებში, როგორც ჩანს, მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ წინასწარ განთავსებული მცირერიცხოვანი ჯგუფები. კიევის ხელში ჩაგდება რუსეთის მთავარ სამხედრო მიზნად რჩება,“ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის დედაქალაქი უშუალო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან რუსეთის დიდი რაოდენობით ჯარები მიუახლოვდნენ მას ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან. 2,6-მილიონიან ქალაქში კვლავაც ისმის რაკეტების აფეთქების ხმა.
რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრის მესამე დღის განმავლობაში განაგრძობდა არტილერიითა და ფრთოსანი რაკეტებით კიევისა და სხვა ქალაქების წინააღმდეგ იერიშს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავს უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და „სახიფათო“ პირთა დაკავებას.
26 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკში დაწერა, რომ კიევი კვლავაც უკრაინელთა ხელშია. ხელისუფლებამ ათასობით საბრძოლო შაშხანა დაურიგა მოსახლეობას და მოუწოდა მათ, აალებადი ბომბები დაამზადონ რუსი ინტერვენტების მოლოდინში.
ზელენსკიმ მიმართვაში თქვა, რომ ის და მისი მთავრობა არ აპირებენ კაპიტულაციას.
„არ დაუჯეროთ ცრუ ცნობებს... მე აქ ვარ, ჩვენ არ ვაპირებთ იარაღის დაყრას, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს, ყველაფერ ამას დავიცავთ, ეს არის, რის თქმაც მინდოდა თქვენთვის,“ თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. ვიდეოში ჩანს, რომ ის კიევში დგას პრეზიდენტის ოფისის წინ.
აშშ-ის თავდაცვის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, რუსეთმა უკრაინის გარშემო თავმოყრილი 150 ათასზე მეტი ჯარისკაცის ნახევარზე მეტი გაგზავნა ქვეყანაში შესაჭრელად.
26 თებერვალს საღამოს აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, მათი შეფასებით, რუსეთის ჯარები 30 კილომეტრზე იმყოფებიან კიევიდან.
უკრაინაში შეჭრას მსოფლიო მასშტაბით მოჰყვა რუსეთის დაგმობა და მის წინააღმდეგ სანქციების შემოღება.
ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ. კიდევ უფრო ახლოსაა გადაწყვეტილება SWIFT-ის გლობალური სისტემიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ. ყველა შესაძლო ზომიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრია.
სანქციები უწესდებათ პირადად პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რაც თითქმის უპრეცედენტო ნაბიჯია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს განკარგულება გასცა, უკრაინას დამატებით 350 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცენ.
ამერიკის ოფიციალური პირის თქმით, ამ დღეებში უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის შეიარაღების მანამდე გამოუცხადებელი პარტია.
„შემიძლია დავადასტურო, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღეს ჩვენგან უსაფრთხოების სფეროში დახმარება,“ განუცხადა მან Reuters-ს.
26 თებერვალს გერმანიამ, რომელიც უკანასკნელ მომენტამდე უარს ამბობდა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე, მიიღო გადაწყვეტილება, კიევს გაუგზავნოს ათასი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 ერთეული ხმელეთი-ჰაერის კლასის რაკეტა Stinger-ი.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მან ტვიტერში დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო გერმანიის ხელისუფლებამ შეიცვალა პოზიცია. „ჩვენი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ უკრაინას, თავი დაიცვას პუტინის არმიის შეჭრისგან,“ დაწერა მან.
როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ამავე დროს გერმანია დათანხმდა, სხვა ქვეყნებმა უკრაინას გადასცენ შეიარაღება, რომელიც გერმანიაშია დამზადებული.
ეს ცვლილება შესაძლოა ნიშნავდეს ევროპის ქვეყნებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სწრაფ ზრდას, ვინაიდან ევროპის ქვეყნების არსენალში მყოფი შეიარაღებისა და ტყვია-წამლის დიდი ნაწილი გერმანიაშია წარმოებული. ეს ბერლინს აძლევს უფლებას, გააკონტროლოს სამხედრო პროდუქციის სხვებისთვის გადაცემა.
26 თებერვალს კიევის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 28 თებერვლის დილამდე ქალაქში მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს კომენდანტის საათი.
„კიევში კომენდანტის საათი საღამოს 5 საათზე დაიწყება და ორშაბათს დილის 8 საათზე დასრულდება,“ განაცხადეს ქალაქის ხელმძღვანელებმა.
ამ ცნობის თანახმად, „კომენდანტის საათის პერიოდში ქუჩაში მყოფი ყველა სამოქალაქო პირი მტრის დივერსიული ჯგუფების წევრად იქნება მიჩნეული.“
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თქმით, შაბათს საღამოს კიევის ზოგიერთ ქუჩაზე ბარიკადები იყო აღმართული ქვიშის ტომრებით, ფიცრებითა და ხეებით.
ოცდაათამდე მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი აჩერებდა მანქანებს და ხალხს საბუთებს უმოწმებდა. ჯგუფის წევრები ძველი სანადირო თოფებითა და ისტორიული იარაღით იყო შეიარაღებული. ზოგ მათგანს კი სნაიპერული შაშხანა ეჭირა.
გზის პირას მრავლად ეწყო ბოთლები ბენზინითა და პატრუქით - თვითნაკეთი ბომბები, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“.
„მეძინა, როცა აფეთქებამ გამომაღვიძა,“ უთხრა კიეველმა ოქსანა გულენკომ რადიო თავისუფლებას. „აფეთქებამ სამ მეტრზე გადამისროლა ოთახიდან დერეფანში. ყველგან შუშის ნამსხვრევები ეყარა, ქუჩიდან ხმაური ისმოდა.“
„გარკვეული დროის შემდეგ ბინაში მოძრაობა დავიწყე, შევაგროვე ჩემი ნივთები და საბუთები, რომლებიც ადრე მქონდა მომზადებული და ქუჩაში გავიქეცი,“ იხსენებს ის. „როცა ორი-სამი საათის შემდეგ დავბრუნდი, კარი შემტვრეული დამხვდა. როგორც ჩანს, მეხანძრეები ან პოლიცია შედიოდა ბინებში და მსხვერპლს ეძებდა.“
უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვიდან ფრთოსანი რაკეტები ესროლეს ქალაქებს სუმის, პოლტავასა და მარიუპოლს. გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლის მახლობლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი და 536 ჯავშანმანქანა. მოკლულია 3500 ჯარისკაცი, 200-მდე კი - ტყვედ აიყვანეს.
რუსეთს არ გამოუქვეყნებია დანაკარგის შესახებ ინფორმაცია.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 198 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაჭრილია 1115, აქედან 33 ბავშვი.
მისი განცხადებიდან არ ჩანს, მსხვერპლში სამხედროებიც და სამოქალაქო პირებიც თუ იგულისხმებიან.
გაეროს ლტოლვილთა უწყებამ 26 თებერვალს განაცხადა, რომ 120 ათასზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა რუსეთის არმიის იერიშის დაწყების შემდეგ.