Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ჯგუფები ხარკოვში შევიდნენ. ქალაქის მმართველის თქმით, "მტერი ბლოკირებულია"


რუსეთის სამხედრო ჯგუფების ხარკოვში შესვლას ადასტურებს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი. ის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვრცელდება კადრებიც, როგორ შედის რუსული ტექნიკა ქალაქში.

ხარკოვის გუბერნატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქისთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს და "მტერი დაბლოკილია".

რუსული სამხედრო ძალის ხარკოვში გადაადგილების კადრების პარალელურად ვრცელდება ალმოდებული რუსული სამხედრო მანქანების ვიდეოებიც, რომლებიც ხარკოვშია გადაღებული.

ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია.

უახლესი ცნობებით, მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმების გამო, გამაფრთხილებელი სიგნალები გააქტიურდა კიევშიც.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG