Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი: ვშიშობთ რუსული გავლენები ამოქმედდება მოლდოვაში, საქართველოში


ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში. ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელმა ამის შესახებ ევროპის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გვაღელვებს, რა შეიძლება მოხდეს მთელ რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში. და რუსული გავლენები ამოქმედდება მეზობელ ქვეყნებში - მოლდოვასა და საქართველოში, ასევე შედეგი ექნება დასავლეთ ბალკანეთზე. ასე რომ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა ხდება იქ", - თქვა ბორელმა.

დღესვე მან გამოაცხადა მოლდოვაში ვიზიტის შესახებ, "ისევე, როგორც უკრაინაში ჩავედი წლის დასაწყისში", - თქვა მან.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზეპ ბორელმა გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებაც. საგარეო მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი 450 მილიონი ევროს ლეტალურ და 50 მილიონი ევროს არალეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას.

გარდა ამისა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მე-4 დღეს ევროკავშირმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი და ფართომასშტაბიანი და უფრო მკაცრი სანქციების შესახებ გამოაცხადა.

ახალი სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე დაჯდომას, ამ ტერიტორიიდან აფრენას ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე გადაფრენას უკრძალავს რუსეთის ავიაკომპანიებს ან რუსეთში რეგისტრირებულ ნებისმიერ თვითმფრინავს. ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთის იურიდიული ან კერძო პირები ფლობენ, ქირაობენ ან სხვაგვარად აკონტროლებენ.

გარდა ამისა, სანქციებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ყველა ტრანსაქცია აკრძალულია რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ან ნებისმიერ იურიდიულ პირთან, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის სახელით ან მითითებით მოქმედებს.

გადაადგილების შეზღუდვა და აქტივების გაყინვა შეეხება რუს და ბელარუს სამხედროებს, პოლიტიკოსებს, ოლიგარქებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG