კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ვიდეომიმრთვაში ილაპარაკა მისი სახელით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეეხებოდა კიევის ალყაში მოქცევას.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომს არა მხოლოდ სამხედრო იარაღით, არამედ საინფორმაციო საშუალებებით", - აცხადებს ის. როგორც კლიჩკომ თქვა, შექმნეს მისი ყალბი „ინსტაგრამ"-გვერდი.
კიევის მერი აცხადებს, რომ რუსულმა ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბმულის თანხლებით, რომ კიევი მნიშვნელოვანწილად მოექცა ალყაში და ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იყო.
„და რა უცნაურია, რომ ამის გავრცელება უკრაინული „ტელეგრამ"-არხებით დაიწყო.. არ დაიჯეროთ ტყუილები! ენდეთ ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
დაწერეთ კომენტარი