უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ საკითხებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ "ტვიტერზე" დაწერა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ კომენტარში განაცხადა, რომ უკრაინასთან ევროკავშირი მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრირებაზე ერთიან ბაზართან, ასევე მჭიდრო თანამშრომლობაა ენერგეტიკულ სფეროში. ამასთან, ბლოკს სურს უკრაინა ევროკავშირის წევრად იხილოს.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 28 თებერვალს მოკავშირეებთან გამართავს ონლაინკონფერენციას უკრაინასა და მის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო. მედიასაშუალებების მიერ თეთრ სახლზე დაყრდნობით გავრცელებული ეს ინფორმაცია დასტურდება კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული შეტყობინებით, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოწვეულ ონლაინკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის და რუმინეთის ლიდერები და ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელები.
დაწერეთ კომენტარი