Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: უკრაინის მხარდამჭერმა კოალიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის მომზადება დაიწყო


უკრაინის მხარდამჭერმა ანტიპუტინურმა კოალიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის მომზადება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთის დიპლომატების ნაწილს, ის მოიცავს ზომების გამკაცრებას საბანკო სისტემისა და პუტინის გარემოცვის მიმართ.

გარდა ამისა, ევროკავშირი განიხილავს „რუსეთის კორუფციონერთა რეესტრის“ შექმნის საკითხს. მასში შევლენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ საერთაშორისო ასპარეზზე ფინანსური ურთიერთობების ან ბიზნესის წარმოებას.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამი პაკეტი შემოიღეს. გადაწყდა რუსეთის ბანკების გამოთიშვა საერთაშორისო ტრანსაქციების სისტემა SWIFT-იდან, გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური რეზერვების ნახევარი, შეზღუდვები დაუწესდათ რუსეთის მთელ რიგ ბანკებს, აიკრძალა რუსეთისთვის ნავთობგადამამუშავებელი ტექნოლოგიის გადაცემა და ექსპორტი, შეჩერდა ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირმა, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთის ავიაციას.

დასავლეთის სანქციების შედეგად რუსული რუბლი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

გარდა ამისა, შემოღებულ იქნა უპრეცედენტო სანქციები პირადად სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმირ პუტინის მიმართ. სანქციები დაუწესდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG