Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: შეჯიბრებებზე არ დაიშვან რუსეთი და ბელარუსი


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს გაუგზავნა რეკომენდაცია, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა IOC-მ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრასთან დაკავშირებით.

IOC-ის თქმით, ამ რეკომენდაციის მიზანია „მსოფლიო სპორტული შეჯიბრებების ერთიანობისა და ყველა მონაწილის უსაფრთხოების დაცვა“.

კომიტეტში აღნიშნეს, რომ თუკი საორგანიზაციო ან იურიდიული მიზეზებით უმოკლეს დროში ვერ მოხერხდება რეკომენდაციის შესრულება, ასეთ შემთხვევაში IOC საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ტურნირების ორგანიზატორებს მთელს მსოფლიოში მოუწოდებს, ყოველი ღონე იხმარონ, რათა რუსეთის ან ბელარუსის არცერთი სპორტსმენი ან ჩინოვნიკი არ იქნეს დაშვებული შეჯიბრებებზე საკუთარი დროშით.

„რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები... უნდა აღიქმებოდნენ მხოლოდ ნეიტრალურ სპორტსმენებად ან ნეიტრალურ გუნდებად. არ დაიშვება ეროვნული სიმბოლოების, ფერების, დროშებისა და ჰიმნების გამოყენება“, - აღნიშნულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ასევე გამოცხადდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ვიცე-პრემიერ დმიტრი ჩერნიშენკოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დმიტრი კოზაკს, ჩამოერთვათ ოლიმპიური ორდენები. გადაწყვეტილება მიღებულია „საგანგებო მდგომარეობის [საფუძველზე] და წარსულში რუსეთის მთავრობის მიერ ოლიმპიური ზავის უკიდურესად სერიოზული დარღვევისა და ოლიმპიური ქარტიის სხვა დარღვევების გამო“, - განაცხადა IOC-მ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG