საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების წარმოება, სრულიად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას.
კელი დეგნანი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, ელჩმა საქართველოს მთავრობას უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის თემას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, არსებული უსაფრთხოების გარემო და პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაცია მიმდინარე პროცესების ფონზე.
„აშშ-ისგან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან კიდევ ერთხელ მივიღე ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და შეფასებები, რომელიც მოჰყვა ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით, აბსოლუტურად მხარდაჭერილი და გაზიარებულია აშშ-ის მიერ", - აღნიშნა ზალკალიანმა.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
დაწერეთ კომენტარი